როდესაც ამირჩევენ, ვიქნები მათი პრეზიდენტიც, ვინც დღეს მლანძღავს და უწმაწური სიტყვებით მომმართავს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ადიგენში, ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქართველი გენეტიკურად არ შეიძლება მოღალატე იყოს.
„მე როდესაც ამირჩევენ, ვიქნები იმათი პრეზიდენტი, ვინც დღეს მლანძღავს, ვინც უწმაწური სიტყვებით მომმართავენ და მაბრალებენ ყველაფერს. ერთადერთი რამეა, რაზეც მე ყველაზე მეტად მიჭირს. ეს არის სიტყვა მოღალატე. იმიტომ, რომ ეს არის ის მორალური ცნება, რომელიც არ შეიძლება ამ ქვეყანაში ასე გამოიყენონ ვინმეს მიმართ. მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ თუნდაც ვიღაცებზე, რომლებსაც აქვთ დამსახურება სხვა ქვეყნების მიმართ, ვინც ჩვენ ვიცით, იმათ მიმართაც არ მივცემ თავს უფლებას, ვუწოდო ეს სიტყვა, რადგან ამ ქვეყანაში მოღალატეობა არის ის რთული ცნება, რომელიც გვიდევს გენეტიკაში, რომ არ შეიძლება ქართველი იყოს მოღალატე“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება შუამავალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რადგან, მისი თქმით, დღევანდელმა პრეზიდენტმა ხელისუფლებასთან ქიშპობის პოზიცია მოირგო.
„ხვალინდელი დღე კი დაიწყება იმით, რომ მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი. მე ვიქნები კრიტიკოსი, რომელიც მიიტანს ხელისუფლებასთან თქვენს პრობლემებს თქვენს ხმას. ჩვენ ვნახეთ წინა პრეზიდენტი, რომელსაც ჰქონდა ყველა უნარი, ყოფილიყო აქტიური და შედეგიანი პრეზიდენტი. მან ვერ შეძლო. რატომ ვერ შეძლო, იმიტომ, რომ თავი ჩაიყენა იმ რაღაც ქიშპობის პოზიციაში. დაპირისპირების პოზიციაში, საიდანაც ვერაფერი გამოვა. ეს ქვეყანა კი არის იმ მდგომარეობაში, რომ საჭიროა კონსტრუქციულობა. დავიღალეთ იმით, რაც ხდება ამ ქვეყანაში, აუცილებელია, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა კულტურის ცენტრის საჭიროებაზეც ისაუბრა და ადგილობრივებს ამ მიმართულებით მუშაობას დაჰპირდა.