ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც მერის წინადადების საფუძველზე და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა, მთავარ განსახილველ საკითხად მერიისა და საკრებულოს რიგი თანამშომლებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა იყო წარმოდგენილი.
საბოლოოო კენჭისყრის მიხედვით, უმრავლესობამ წარმოდგენილ საკითხს უპრობლემოდ დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელისა და მერიის ათივე სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო გაუთანაბრდა საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციათა ხელმძღვანელების სახელფასო ანაზღაურებას. შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელები თებერვლიდან 160 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას აიღებენ, ხოლო მთავარი სპეციალისტები- 80 ლარით.
უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემ, წარმოდგენილ სახელფასო მატებას მხარი დაუჭირა, საკითხი დააყენა, რომ უახლოეს პერიოდში წამყვან სპეციალისტებსაც შეეხოთ თანამდებობრივი სარგოს ზრდა.
უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ასკურავას მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ 2017-18 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ჩავხედავთ, მერი ზოგიერთი სამსახურის უფროსის სამსახურებრივი პასუხიმგებლობის საკითხს უნდა განიხილავდეს წესით ახლა და არა, მათთვის ხელფასების მატების.
„ლანჩხუთის საკრებულომ მერიის ათ სამსახურის უფროსს, ამავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე, თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღავრი დაუმტკიცა.
ეს იმ მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, სადაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მთავარ აღმზრდელს საშუალო ხელფასი 316 ლარი აქვს, ხოლო, რიგით თანამშრომელს 216 ლარი. ასევე, ბიბლიოთეკის თანამშრომლების ხელფასი 200 ლარს არ აღემატება. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა ა(ა)იპ-ში“_ ამბობს ასკურავა.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის“ აღმზრდელებისთვის ანაზღაურების მატება 2020 წლის სექტემბრიდან დაანონსა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას.