14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნა სამტრედიის მეოთხე ბაგა-ბაღში.
ღია ცის ქვეშ გამართული საზეიმო დილა გახსნა სკოლამდელი დაწესებულებების მმართველმა. ნანა დუნდუამ აღსაზრდელებს და იქ მყოფთ 14 აპრილის მნიშვნელობასა და იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე მოკლე განმარტება მისცა.
მან პატარებს იქვე მოუწოდა, წიგნს, რომელსაც მადლიერმა შთამომავლობამ ძეგლი დაუდგა, მომავალშიც სჭირდება გაფრთხილება და მზრუნველობა.
მეოთხე ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია დედაენის დღეს ყოველწლიურად ზეიმობს. პანდემიის მიუხედავად, მოკრძალებული ღონისძიება გაიმართა წელსაც, მმართველმა ნანა დუნდუამ, მეთოდისტებთან, მარინა ქოჩოვთან და მარინა ბაღდავაძესთან, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან ერთად, პატარების ჩართულობით პატივი მიაგეს დედაენის დღეს. საზეიმო დილას მეოთხე ბაგა-ბაღში სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, მარინა შენგელია დაესწრო.
საზეიმო დილაზე გაჟღერდა, რომ ქართველებს ოთხი ძირითადი წიგნი გვაქვს: ბიბლია, ქართლის ცხოვრება, ვეფხისტყაოსანი და დედაენა. საყოველთაო აღიარებით ქართველთა უპირველესი მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილია, ამიტომაც დაუდგეს საქართველოში დედაენას ძეგლი, რითაც ერმა ენის უკვდავება დაამტკიცა.