საქართველოში შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.
როგორც ცესკოში აცხადებენ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირების სურვილი 68 პარტიამ გამოთქვა, რომელთაგან რეგისტრირებული 59 პარტიაა, 9-ს კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
დარეგისტრირება ვერ შეძლო კიდევ 4-მა პარტიამ, რომლებმაც დასარეგისტრირებლად ცესკოს რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიმართეს.
რაც შეეხება იმ პარტიების სიას, რომლებმაც ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციის შესახებ კანონით დადგენილ ვადებში მიმართეს, მაგრამ რეგისტრაციაზე მაინც უარი მიიღეს, ასე გამოიყურება:
პარტია “სამშობლო”, „საქართველოს მთიელთა პოლიტიკური ლიგა (კავშირი)“ , „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“, „გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტია“, „ხალხის პარტია“, „ხმა დედის და ხმა ერის“, „ახალი“, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია“, „საქართველოს მოქალაქეთა კონსოლიდაციის კავშირი“.
რატომ ეთქვათ უარი აღნიშნულ პარტიებს რეგისტრაციაზე _ ამის გასარკვევად „გურია ნიუსი“ ცესკოს დაუკავშირდა.
როგორც ცესკოში ამბობენ, უარის თქმის მიზეზი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ხარვეზები გახდა.
„უარის თქმის ძირითადი მიზეზი გახდა რეგისტრაციისთვის საჭირო წარმოსადგენ დოკუმენტებში ხარვეზები, ვადების დარღვევა. ამ პარტიებს ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდათ“,_ გვითხრეს ცესკოში.
ცნობისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიემართათ ცესკოსთვის.
ცესკოში განმარტეს ისიც, რომ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილება ასევე საარჩევნო ბარიერს ეხება, რომელიც 5%-იდან 1%-მდე იწევს.
კანონპროექტის მიხედვით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში იქნება.