დაუჭერს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა მხარს სახალხო დამცველის პოზიციაზე მესამე სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან რომელიმეს, სავარაუდოდ, დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
გუშინ პარლამენტში გამართული კონსულტაციების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საუკეთესო ვარინატი იქნება, თუკი კანდიდატურას არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეარჩევენ.
“უახლოეს დღეებში დასახელდება სახალხო დამცველის კანდიდატი, შემდეგ კვირაში არჩეული იქნება ერთი კანდიდატი. კანდიდატურის შერჩევის ობიექტური კრიტერიუმებია მიუკერძიებლობა, კვალიფიკაცია და ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამოცდილება. დღეს არასამთავრობოებმა დაასახელეს ოთხი კანდიდატი: ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე. ხვალ უმრავლესობაში გაიმართება კონსულტაციები და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას. წინასწარ რთულია იმის თქმა, რა არჩევანს გააკათებს უმრავლესობა. ჩემთვის პირადად საუკეთესო ვარიანტი იქნება, არასამთავრობოების შემოთავაზებული კანდიდატებიდან შევარჩიოთ სახალხო დამცველი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არასამთავრობოებისა და დეპუტატების ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ნინო ლომჯარიას უჭერს. სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამაც, შესაძლოა, ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დააყენოს. სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანისა და ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები განიხილება.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.