თბილისში და წყალტუბოს რაიონში, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო:
“ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა.
აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა.
აუცილებელია ქუჩაში უკონტროლოდ მყოფი მოზარდების პრობლემის მოგვარება და სხვა.
საქართველოს ხელისუფლებასა და, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გვინდა განვუცხადოთ, რომ საქართველოს ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში.
გვჯერა, საერთო ძალისხმევით მიღწეული იქნება დადებითი შედეგი და შევძლებთ ჩვენი შვილებისთვის მშვიდობიანი გარემოს შექმნას ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის საფუძველზე”, _ ნათქვამია განცხადებაში.