დაბა მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის დაწყების შესახებ ეცნობათ. საპილოტო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, მოქალაქის ნაცვლად, თავად განახორციელებს.
დაბა მანგლისი პირველია იმ დასახლებათაგან, რომელიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით იქნა შერჩეული. მანგლისის შემდეგ, სისტემური რეგისტრაციების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 დასახლებაში: ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში წარიმართება.
„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციას გულისხმობს.
პროექტი არ ზღუდავს მოქალაქეებს განცხადებით, ინდივიდუალურად მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ. (R)