“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ნარკომომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს. როგორც წერეთელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, საქართველოში ნარკომომხმარებელთა ზრდა არასაკმარისმა განათლებამ, ერთიანი პოლიტიკის არარსებობამ, სამართალდამცავი სისტემის არაქმედითუნარიანობამ და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გამოიწვია. მისი თქმით, კანონი ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური, ხოლო რეალიზატორიების მიმართ ძალიან მკაცრი უნდა იყოს.
,, ექვსი წელია ვხედავთ დისკუსიებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რაღაც უნდა შეიცვალოს, თუმცა, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, ნარკოპოლიტიკა უნდა გავხადოთ მომხმარებლების მიმართ უფრო ჰუმანური, რათა მაქსიმალურად დავიცვათ მომავალი თაობა. მთავარია, რომ მოხმარება არ დაისჯება სისხლის სამართლის დანაშაულად და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სანქციები, გავრცელებაზე, გაყიდვაზე, არალეგალურ იმპორტზე და ა.შ. ნებისმიერ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა ზრდას იწვევს საზღვარზე არალეგალური ნარკოტიკების შემოტანის გახშირება, ასევე სამართალდამცავი სისტემების არაქმედითუნარიანი ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან. დღეს საქართველოში ძალიან დიდი საფრთხის შემცველია სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც განსაკუთრებით მოზარდებში და ახალგაზრდებში დიდ პრობლემად იქცა. ნარკომომხმარებელთა ზრდას იწვევს, არასაკმარისი განათლება, არასაკმარისი კამპანიები, ზოგიერთ შემთხვევაში, წამახალისებელ საინფორმაციო კამპანიებსაც ვხედავთ, ჩამოყალიბებული ერთიანი პოლიტიკის არარსებობა, მთავარი ფაქტორი არის ეკონომიკური გაჭირვება, მაღალი სიღარიბე, უმუშევრობა და უპერსპექტივობის განცდა“, _ განაცხადა წერეთელმა.