„სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“_ ასე ჰქვია რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილისა და ანა მირიანაშვილის ერთობლივ პიესას, რომლის პრემიერაც სპექტაკლის სახით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგა.
სპექტაკლი არ არის თეატრალური წარმოდგენა კლასიკური გაგებით. ის უფრო სპექტაკლი-აქციაა, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრის წამოწყების, მცდელობა მყარად გამჯდარ დამოკიდებულებების გადაფასების.
საიდან გაჩნდა პიესის დაწერის იდეა და შემდეგ მისი თეატრალიზების_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ რეჟისორს, დიმიტრი ხვთისიაშვილს ესაუბრა.
როგორც რეჟისორი გვიამბობს, თავიდან თხოვნა ბავშვებისთვის აფხაზური ფოლკლორის გამოყენებით ზღაპრის მომზადების შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისგან მიიღო, მაგრამ ქართული და აფხაზური ზღაპრები ერთმანეთს ისე ჰგავს, იდენტობას ვერ მიაღწია და თავი შეიკავა. მოგვიანებით კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება და მიხვდა, რომ საკუთარი პიესა უნდა დაეწერა.
„ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, გვთხოვა ზღაპარი ან რამე მსგავსი აფხაზური ფოლკლორით გაგვეკეთებინა ბავშვებისთვის, შევისწავლე რაღაცები და მივხვდი, რომ იმდენად ჰგავს აფხაზური ზღაპრები ქართულ ზღაპრებს, რომ იდენტობას აფხაზურისას ვერ ვაღწევდი ან უნდა დამებრალებინა, ამიტომ თავი შევიკავე. შემდეგ კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა ეთნიკურ უმცირესობათა თემებზე კონკურსი. დავდექი იმ გამოწვევის წინაშე, რომ უნდა გავაკეთო სპექტაკლი, მაგრამ ვერ ვაკეთებ ზღაპარს, რადგან მინდა ვიპოვო რაღაც აფხაზური წესჩვეულების, ხასიათის, ტრადიციის ამსახველი და ამ ჭიდილის და ფიქრის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ პიესა თვითონ უნდა დამეწერა“,_ამბობს რეჟისორი და აღნიშნავს, რომ დღემდე ერთი ზღაპარი აქვს დაწერილი დოდო ხურცილავასთან ერთად, ეს სპექტაკლი კი ფაქტობრივად მისი დებიუტია.
„მირიანაშვილთან ერთად დავწერე ამბავი ქართულ-აფხაზური ოჯახის შექმნის. ამ ოჯახის შექმნის იდეით, რაღაც ახალი მარცვალი იდება ურთიერთობაში, რომელიც გვინდა, რომ გაღვივდეს“,_ამბობს ხვთისიაშვილი.
სპექტაკლში განსაკუთრებულ როლს თამაშობს მუსიკა, სიმღერა და ქორეოგრაფია. წარმოდგენა არის სიყვარულზე, წარსულზე, მომავალზე, ტრადიციასა და თანამედროვეობაზე.
სპექტაკლის შემქმნელები არ ცდილობენ მაყურებელს თავს მოახვიონ საკუთარი პოზიცია, გაარჩიონ მტყუან-მართალი, არ იძლევიან გადაჭრის მზა რეცეპტებს.
„არანაირ დასკვნებს არ ვაკეთებთ, სურვილებს ვაჟღერებთ. დასკვნების გაკეთება რთულია, რადგან ბზარი ძალიან დიდია. შემთხვევით ჩამივარდა ხელში წიგნი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის წევრები წერდნენ, რომ მათ სოხუმი არ უნახავთ, მერე გაჩდნენ. ნაწერში იყო ასეთი ფრაზა: _ „ჩვენ ჩვენი მიცვალებულები უნდა გავათავისუფლოთ ჩვენგან. თუ ჩვენ გავათავისუფლებთ მათ, ცოცხლები, ცოცხლების შეყვარებას შევძლებთ“. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში ყველა მოდის თავის მიცვალებულთან. ჩემი შვილი იმისმა ტყვიამ მოკლა, ის ამბობს ჩემი შვილი ამისამ… ეს ამოუვსები ჭრილობაა და თუ ჩვენ ერთობას ვაპირებთ, აქ ხომ არ დგას საკითხი ისე, რომ ერთი მხარე აბსოლუტურად მართალია და მეორე დამნაშავე. თუ ეს არის ერთი კავკასიური ტომი და ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა საუკუნეების მანძილზე და გვინდა, რომ ისევ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ალბათ, უნდა მოვახერხოთ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება“,_ ამბობს ხვთისიაშვილი.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს საღამოსაც გაიმართება.