ზუგდიდის ცენტრში, 26 მაისს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მკვიდრს შორის სიტყვიერი შელაპარაკებისთვის რევაზ ჯინჯოლავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნულის შესახებ „გურია ნიუსს“ ჯინჯოლავას ოჯახის წევრმა აცნობა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოუდგენიათ არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო პროცესზე არ მოუყვანიათ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ რევაზ ჯინჯოლავამ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია ან შეურაცხყოფა მიაყენა, მოსამართლე შოთა ბიჭიამ რევაზ ჯინჯოლავას დაჯარიმების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.
გარდა ამისა, უკვე მიმართეს სახალხო დამცველს და შსს-ს გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის მოთხოვნით.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, ზუგდიდის ცენტრში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მკვიდრს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მოგვიანებით, წინააღმდეგობის გაწევის გამო, 58 წლის რევაზ ჯინჯოლავა პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. სადაც მისი თქმით, პატრულის თანამშრომელმა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ხელი გაარტყა.
როგორც ჯინჯოლავა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში გზები იყო გადაკეტილი, რის გამოც, შემოვლითი გზით მოუწია სახლში დაბრუნება. ჯინჯოლავა ამბობდა, რომ გზაზე, სადაც მანქანით გაიარა, არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ იქ გავლა არ შეიძლებოდა, არ იყო. პირიქით, ამბობს, რომ ქვეით პატრულს ის და მასთან ერთად, დაახლოებით, 10-მდე მანქანის მძღოლი არ გაუჩერებია. თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯინჯოლავა პატრულის ეკიპაჟმა გააჩერა და მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, პატრულის იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არ იცის, თუმცა, მისი ამოცნობა შეუძლია. ჯინჯოლავას თქმით, მან ასევე უთხრა პატრულის თანამშრომლებს, რომ მათ სასამართლოში ვიდეოჩანაწერების წარდგენა მოუწევდათ, თუმცა მათგან პასუხად მიიღო, რომ ვიდეოკამერები პატრულებს გამორთული ჰქონდათ. კამერების ჩანაწერები პატრულ-ინსპექტორებისთვის არც მოსამართლეს მოუთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ რევაზ ჯინჯოლავა ამას ითხოვდა.
„შეურაცხყოფის მოყენება რომ დამიწყეს, ვუთხარი მაგ კამერაზე ახლა ყველაფერი იწერება და სასამართლოში მოგიწევთ ჩვენება მძღოლს როგორ მელაპარაკებით-თქო. ყვიროდი და იგინებოდი, ამას ხალხი უსმენდაო, ტყუილები დამაბრალეს და ხელბორკილი დამადეს. ამის შემდეგ პოლიციის სამმართველოში გადამიყვანეს, სადაც უფროსის თვალწინ ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელი გამარტყა. ამას შეხედა უფროსმა და მჟავია მაინც პირზე დამადგა, არაფერი ხელი არ დაურტყია, მოიგონე ახლა რაღაცო. ასეთი რამის მოფიქრება შეიძლება? 10 ადამიანი მაინც უყურებდა ამ ამბავს. სამმართველოს ეზოშიც ხომ არის კამერები, იქაც გამოჩნდება, ხელს რომ მირტყამს.
ვითხოვდი შვილთან დარეკვას, რისი უფლებაც არ მომცეს. ტელეფონი წამართვეს. არც სასწრაფო დახმარებას დაურეკეს. მოგვიანებით, როცა შეატყვეს, რომ მართლა ძალიან ციდად ვიყავი სასწრაფოს გამოუძახეს. ექიმმა პოლიციის სამმართველოს შენობაში არ დამტოვა, რადგან შაქარი მქონდა ძალიან მომატებული და საავადმყოფოში გადამიყვანეს. შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ სახლში ხელწერილით გამომიშვეს“, _ აღნიშნავდა ჯინჯოლავა.
რაც შეეხება შსს-ს პოზიციას, როგორც უწყებაში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, სამართალწარმოება 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მიმდინარეობს.
საქმეზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, რევაზ ჯინჯოლავა ხვალ შსს-ს გენინსპექციაშია დაბარებული.