„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ცვლილებებით მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები.
ახალი რედაქციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ნაცვლად სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსი.
შეიცვალა კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. სავალდებულო გახდება პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ ხელშეკრულების წარდგენა, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მოპოვების დროისათვის მიზანშეწონილია კოოპერატივი სრულად იქნეს ჩამოყალიბებული და მკვეთრად იყოს განსაზღვრული ურთიერთობები კოოპერატივსა და მის მეპაიეებს შორის.
ახლებურად დარეგულირდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების წესი; კოოპერატივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემთხვევაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შუამდგომლობით მიმართავს სამინისტროს, რაზედაც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს მოწმობას.
კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმად, წესდებით სავალდებულო გახდა ასოცირებული წევრის მიღების წესის დადგენა, რაც დაინტრესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს წინასწარ იცოდეს კოოპერატივში როგორც ასოცირებულ წევრად გახდომის მექანიზმი, ასევე, მისი უფლებები და ვალდებულებები.
დაზუსტდა მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წმინდა მოგების 30%-ის ნაცვლად 50%-ს, ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წახალისდეს დამატებით შენატანები და გაიზარდოს დაინტერესება ასოცირებულ წევრთა მხრიდან.
ახალი რედაქციით განისაზღვრა ტერმინი „პაი“. ის წარმოადგენს მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისათვის ყოველწლიურად განსახორციელებელ სავალდებულო შენატანს საპაიო ფონდში. განისაზღვრა საქმიანობის სფეროებიც; ახალი რედაქციით კოოპერატივს უფლება მიეცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობებიც განახორციელოს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2020 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოდ“.
ცვლილებები შეეხო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რიცხოვნობის საკითხს; ახალი რედაქციით ბარში მეპაიეთა მინიმალური რიცხოვნობა 9 მეპაიემდე გაიზარდა, ნაცვლად 5-ისა.