ერთხელ ბატონი ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძე და გურამ საღარაძე კიევში იმყოფებოდნენ და ავტოავარიაში მოყვნენ. ამ შემთხვევას თავად ჯემალ ღაღანიძე გაიხსენებს.
„გასტროლები გვქონდა კიევში და, რატომღაც მანქანებით წასვლა მოვინდომეთ. სამი მანქანით წავედით – გურამ საღარაძისა და კახი კავსაძის „ვოლგებით“ და ჩვენთან ერთი დირიჟორი იყო – იმის მანქანით. მაშინ კახის მეუღლე, ბელა მირიანაშვილი ცოცხალი იყო და ბავშვებთან ერთად ისიც წამოვიდა. მეც ჩემი ცოლ-შვილით ვიყავი.
დამთავრდა გასტროლები. მოვდივართ. კიევიდან არ ვიყავით გამოსული, რომ საშინელ ავარიაში მოვყევით, ისეთ საშინელში, არ გვეგონა, თუ გადავრჩებოდით. სამივე მანქანა მაგრად დაგველეწა. ყველაფერი აქეთ-იქით ყრია, ჩემმა ცოლმა დაინახა ხატი, რომელიც ჩემოდნიდან გადმოვარდა, აიღო და თქვა: აი, ამან გადაგვარჩინაო.
ყველაფერი დალეწილი იყო და ხატს ერთი ბზარიც არ ჰქონდა. კახის მანქანა საერთოდ ამოტრიალდა. ოთხი საათი კიევის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა გაჩერებული იყო. საბედნიეროდ, მანქანები დაიქოქა, მინებზე ზეწრები, მუყაოს ქაღალდები ავაფარეთ და წამოვედით. გზაში ყველა გვეკითხებოდა, რა დაგემართათო. სამი მანქანა ერთნაირად იყო დამტვრეული. რაღაც ხომ უნდა გვეპასუხა და მოვიგონეთ, ვითომ კინოგადაღება იყო. ასე ჩავედით ოდესამდე და მერე იქიდან გემით წამოვედით“.