ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი სასტუმრო ბიზნესში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თბილისის სასტუმროები შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ძირითადი მიზეზი კორონავირუსია.
„სასტუმროებს შოკური მდგომარეობა აქვთ. ჯავშნები უქმდება და ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა მაგალითად, Booking-ი და სხვა ტურისტული კომპანიები, არსებულ სიტუაციას აფასებენ, როგორც ფორს-მაჟორს და ჯავშნებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. 17თებერვლისთვის, მარტის დატვირთულობის კოეფიციენტი იყო 54%, ახლა კი – 4%-ია“, – განაცხადა ჰოტელიერმა.
კითხვაზე – რა მიმართულებიდან იყო მიღებული ჯავშნები და რომელი ქვეყნებიდან აუქმებენ ვიზიტებს, სასტუმროების მენეჯერი ამბობს, რომ ჯავშნების დიდი რაოდენობა ტაილანდზე მოდიოდა.
“ჯავშნების გაუქმების პირველი ტალღა დაიწყო მაშინ, როდესაც გამოცხადდა ირანთან მიმოსვლის აკრძალვა, მერე ნელ-ნელა გააქტიურდა და ბოლო სამი დღეა, განსაკუთრებით უქმდება ჯავშნები. ძირითადი მიმართულება იყო ტაილანდი, 11 მარტიდან იწყებოდა ტაილანდიდან ჩარტერები და საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი; ასევე, პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან, მუსულმანური ქვეყნები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და კიდევ ირანი, აქ 16-17 მარტიდან ნოვრუზ ბაირამი, იგივე მუსულმანური ახალი წელი იწყება და ამ ქვეყნებიდანაც ჯავშნები ჩაიხსნა; ანალოგიური სიტუაციაა უკრაინიდან, სომხეთიდან.. ისრაელმა საერთოდ დროებით შეაჩერა ყველაფერი“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმედ აისახა თბილისში არსებულ სასტუმროებზე, რის გამოც ჰოტელიერები შეხვედრას გეგმავენ, რათა შოკური მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნონ.
“ჩვენ – ჰოტელიერები, დავაანონსებთ შეხვედრას და ვიტყვით, რა არის ამ შოკური მდგომარეობიდან გამოსავალი. მე პირადად, ჩემს 6 სასტუმროს თბილისში ვუთხარი, რომ გვაქვს შოკური მდგომარეობა და იქიდან გამომდინარე, რომ ჯავშნები უქმდება, ხელფასებს ვერ გადავუხდიდი; ვისაც სურვილი აქვს, გავიდეს შვებულებაში და მდგომარეობის გამოსწორებისთანავე ჩვეულ რეჟმში განვაგრძობთ მუშაობას. ყველა გაგებით მოეკიდა და. ჯერჯერობით, მუშაობას ყველა ჩემი თანამშრომელი აგრძელებს, თუმცა მარტის ბოლოს ხელფასი როგორ გადავუხადო არ ვიცი“, – ამბობს სასტუმროების მენეჯერი.
შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ რეგიონებში უკეთესი მდგომარებაა, თუმცა ეს შიდა ტურიზმის ხარჯზე ხდება.
„რაც შეეხება ბაკურიანს და გუდაურს, იქ შიდა ტურისტები უფრო ისვენებენ. მიუხედავად იმისა, რომ იქაც ვიზიტორების რიცხვი შემცირებულია, ეს კლება არც ისე კატასტროფულია. რეგიონულ კურორტებს დაეხმარება ის, რომ არდადეგები დაიწყო და ბავშვებს გაიყვენენ ქალაქიდან, რაც ცოტათი წაეხმარება რეგიონებს, თუმცა ეს იქნება შიდა ბაზრის დიდი წვლილი. ამ მიმართულებით დავიწყეთ ძალიან დიდი აქციები, მაგალითად სასტუმრო “სნოში” გვაქვს კარგი შეთავაზებები“, – ამბობს ალავერდაშვილი.
წყარო: პირველი რადიო