ის არასამთავრობოების აქციას პასუხობს, რომელზეც მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. წულუკიანი ამბობს, რომ თუ მათ მისი პოზიციის დაკავება სურთ, პოლიტიკურ ორგანიზაციად უნდა ჩამოყალიბდნენ.
“თუ კი ამ რამდენიმე ორგანიზაციას ხელისუფლებაში ყოფნა, ჩემს ადგილას ყოფნა სურს, ამის საუკეთესო გზა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაა, იმისთვის, რომ ერთმანეთს არჩევნებში შევეჯიბროთ”, – თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანი ამბობს, ის დღემდე ფიქრობს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა შეცდომა იყო. მინისტრი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც უნდა თქვას, სწორად ცნო თუ არა საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მიერ ბრალდებული უდანაშაულოდ.
8 ივნისს იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომლითაც არასამთავრობოების ნაწილმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
აქციის მონაწილეებს შორის და-ძმა სუბელიანებიც იყვნენ. ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას 6 ივნისს შეუერთდნენ. ორივე იუსტიციის სამინისტროდან წულუკიანის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.
არასამთავრობოები პროკურორის შესარჩევ პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო.