საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციების დამკვიდრებას განაგრძობს. 22 ნოემბრის საჯარო სხდომაზე სემეკმა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა. წესების მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, კანონშესაბამისი, ევროპული სტანდარტების დანერგვა.
ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარებზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და ქსელის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება, ასევე, რეგიონულ დონეზე ბაზრების ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი განსაზღვრავს საწარმოთა მიერ კომისიაში ანგარიშგების წარმოდგენის პროცედურებს, ანგარიშგების ფორმებს, მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტებს, საწარმოთა ელექტრონული პლატფორმის შექმნის, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების წესს.
ინვესტიციების შეფასების წესით განისაზღვრება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატების საინვესტიციო გეგმებისა და მათი შემადგენელი საინვესტიციო პროექტების შემუშავების, წარდგენის, შეფასების, დამტკიცების, მონიტორინგისა და მათში ცვლილების შეტანის ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები. წესის მოქმედება ვრცელდება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებზე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებზე, წყალმომარაგების ლიცენზიატზე, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების იმ ლიცენზიატებზე, რომელთაც კომისია უდგენს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს. (R)