ჯანდაცვის მინისტრი და მედიკამენტების მწარმოებლები დღეს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო, კერძო პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დღემდე მოქმედი ერთ-ერთი პროექტის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იღებდა გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტს. პარტნიორობა კი სხვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით “ქრონიკის” შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უპასუხა.
მინისტრის თქმით, მედიკამენტების ჩამონათვალი 23-იდან, სულ მცირე, 50 დასახელების მედიკამენტამდე გაიზრდება.
“ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების დაფარვიდან გადავალთ ქრონიკული დაავადებების უმეტესობის დაფარვაზე”, – თქვა მინისტრმა.
სერგეენკომ იმაზეც ილაპარაკა თუ საზოგადოებისი რომელი კატეგორია შეძლებს ამ პროგრამით სარგებლობას. მისი თქმით, პირველ რიგში ეს იქნება პენსიონერთა ჯგუფი, რომელთათვისაც ფასი იმის ნახევარი იქნება, ვიდრე ახლა ხარჯავენ იმ კონკრეტულ მედიკამენტზე.
შეკითხვაზე იღებს თუ არა სახელმწიფო ამ პარტნიორობის სანაცვლოდ რაიმე ვალდებულებას მედიკამენტების მწარმოებლებთან, სერგეენკო პასუხობს:
“თანამშრომლობის მოდელი, რომელიც დღეს ჩვენ შევთავაზეთ, აქამდეც არსებობდა. ჩატარებული კვლევა და ანალიზი ცალსახად გვანახებს რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის რესურსი მწარმოებლებთან არსებობს. კერძო სახელმწიფო პარტნიორობა მიღებული ფორმატია და მოიზარებს: როგორც კერძომ, ასევე სახელმწიფომ გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიოს. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში ვალდებულებას იმის ვალდებულებას იღებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, არ მოხდეს ამ მედიკამენტების არალეგალური გადინება ან ოფიციალური რეექსპორტი, უზრუნველყოს მწყობრივი ხარისხობრივი კონტორლის იმპლემენტაცია, რომელიც დაცულობის გარანტიას მოგვცემს”, – თქვა მინისტრმა.
დავით სერგეენკო დასძენს რომ ახალი პროგრამა შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამუშავდეს.
1 ივლისიდან, ეგრეთ წოდებული, უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების ასეთი მედიკამენტია.