კინემატოგრაფის გაჩენის პირველივე დღეებიდანვე ევროპა ბაძავდა ჰოლივუდს ყველაფერში, იქნებოდა ეს საშინელებათა ფილმები თუ კომედია, არ ასცდა ეს ვესთერნსაც. ევროპელები ჭაპანწყვეტით ცდილობენ, შეექმნათ ვესთერნის ზუსტი ასლი, რის უშედეგობასა და უსუსურობაში ადვილად გვარწმუნებდნენ გერმანულ_რუმინულ_იუგოსლავიური ვესთერნები გოიკო მიტიჩებითა და ვინეტუებით. 1965 წელს კრიტიკოსი რობინ ბინი წერდა ამის შესახებ:”ვიმედოვნებ, რომ ეს ფილმები ამერიკაში არ მოხვდება, რადგან ისინი ვესთერნის თაყვანისმცემლებს ნამდვილად ნერვიულ შოკში ჩააგდებენ”.
სულ სხვა სურათი დაიხატა იტალიაში, როცა 1964 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ეკრანებზე გამოჩნდა სერჯიო ლეონეს სპაგეტი ვესთერნები. ეს ტერმინი პირველად ხმარებაში შემოიტანა იაპონელმა კინოკრიტიკოსმა და ის ასე ჟღერდა_მაკარონი ვესთერნი. ამ ფილმებს ეტყობოდა პროფესიონალის ხელი და რაც მთავარია, მათ მაშინვე სერიოზული კონკურენცია გაუწიეს ამ ჟანრის ამერიკულ პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ ლეონემდე იტალიაში უკვე გაკეთებული იყო ამ ჟანრის 28 ფილმი, მაგრამ სპაგეტი ვესთერნების საფირმო ნიშნად ზუსტად სერჯიო ლეონეს ფილმები იქცა.
სერჯიო ლეონემ ვესთერნების გადაღება მოწიფულ ასაკში დაიწყო, თუმცა იგი კინოში დიდი ხანი მოღვაწეოდა და 50-მდე იტალიური და ამერიკული ფილმის შექმნაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა ცნობილი “ბენ ჰური”. 60-იანი წლების დასაწყისში იტალიურ ეკრანებს მიაწყდა ამერიკული კინოპროდუქცია, რის გამოც იტალიელები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი თუ რა დაეპირისპირებინათ ჰოლივუდის ნაწარმისათვის. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ მაშინ შესთავაზა ლეონემ რამდენიმე კონობიზნესმენს მიემართათ ხრიკისათვის_გაეკეთებინათ არა მარტო ვესთერნის ასლი არამედ გაესაღებინათ ფილმი ამერიკულად. სულ მალე გამოჩნდა ფილმი “ერთი მუჭა დოლარები”, რომლის სიუჟეტი ნასესხები იყო აკირა კუროსავას სამურაული ფილმიდან “მცველი”, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია ამერიკულ ვესთერნზე “შეინი”. ფილმის ტიტრებში არც ერთი იტალიური გვარი არ იყო, თვითონ რეჟისორი ბობ რობერტსონის ფსევდონიმის ქვეშ დაიმალა, ფილმის კომპოზიტორი, ლეონეს კლასელი ენიო მორიკონე კი დენ სავიო გახდა. უდავოა, რომ მის ემოციონალურად დაჭირხნულ და გულშიჩამწვდომ მუსიკას ფილმის წარმატება ბევრად უნდა უმადლოდეს.
ფილმის ბიუჯეტი სულ 200 ათასს დოლარს შეადგენდა და ამიტომ მთავარ როლებზე მიწვეულნი იყვნენ ნაკლებად ცნობილი მსახიობები_მომავალი სუპერვარსკვლავი ამერიკელი ქლინთ ისთვუდი და იტალიელი ჯან მარია ვოლონტე.
ფილმმა გამოსვლისთანავე დიდი აღიარება მოიპოვა და ლეონემ მაშინვე გადაინაცვლა იტალიური კინოს ელიტაში. 1967 წელს ამერიკაში ფილმმა 13 მილიონი დოლარი მოიტანა. “ერთი მუჭა დოლარებს” მოჰყვა “რამოდენიმე დოლარით მეტი” და “კარგი, ცუდი და ბოროტი”. ამ ფილმებს დოლარის ტრილოგია შეარქვეს. ერთი იტალიური ჟურნალი ამის თაობაზე წერდა :”მოდით ერთად ვიცინოთ ჰოლივუდზე და ვაჩვენოთ მას, რომ ასეთი რამის კეთება, არანაკლებ კარგად, ჩვენც შეგვიძლია!”
მაინც რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ფილმის გარშემო? თითქოს ახალი არაფერი მომხდარა. მოქმედება ისევ “ველური” დასავლეთის ტიპიურ პატარა ქალაქებში ხდებოდა, მთავარი პერსონაჟებიც შესატყვისად ჩაცმულ_დახურულნი იყვნენ, მაგრამ კლიშედ ქცეულ ტრადიციულ გარემოში მყოფი გმირების მოქმედება ცდებოდა ვესთერნის დაკანონებულ ჩარჩოებს. ლეონეს მიერ ნაჩვენები დასავლეთი არ იყო ის დასავლეთი, რომელზეც გაიზარდა ამერიკელთა რამდენიმე თაობა_ ეს იყო ზედმეტად ამაზრზენი და სასტიკი სამყარო თავისი გაბოლილი სალუნებით, ჭუჭყიანი ქუჩებითა და არც თუ ისე სიმპატიური მცხოვრებლებით. აღსანიშნავია, რომ ტრილოგიის მეორე ნაწილში ჯან მარია ვოლონტეს მიერ განსახიერებული ინდიო კინოს ისტორიაში პირველი უარყოფითი გმირი იყო, რომელიც მარიხუანას ეწეოდა. კლასიკური ვესთერნის გმირებისაგან განსხვავებით ლეონეს გმირებს ხშირად გაუგებარ მიზეზთა გამო გაწყვეტილი აქვთ კავშირი საზოგადოებასთან და თუ ვინმესთან კონტაქტში შედიან ისიც მხოლოდ ანგარებით და თავისი პირადი საქმის სასარგებლოდ. სერჯიო ლეონემ უგულებელვყო ვესთერნის ძირითადი კანონი, როცა მთავარი გმირი აუცილებლად სიმართლისათვის თავგამოდებული მებრძოლია და ის აუცილებლად იმარჯვებს.
ძალზე მსხვილი კადრები, გრძელი პლანები, ავის მომასწავებელი ლანდშაფტები და იმ დროისათვის მოულოდნელი ძალადობა ლეონეს სავიზიტო ბარათად იქცა და შემდგომში მეტ_ნაკლები წარმატებით ტირაჟირებულ იქნა მთელს მსოფლიოში.
კრიტიკოსებმა მაშინათვე გაილაშქრეს ლეონეს წინააღმდეგ იმ საფუძველზე რომ თითქოს მისი ვესთერნები სიმართლეს არ შეესატყვისება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იტალიელმა სერჯიო ლეონემ უფრო მეტი იცოდა ველური დასავლეთის, ვესთერნისა და საერთოდ, ამერიკის ისტორიის შესახებ, ვიდრე ბევრმა მისმა ამერიკელმა კოლეგამ. სხვათაშორის, რეჟისორი აცხადებდა, რომ ვესთერნების გადაღება მან ჯონ ფორდის ფილმების სიყვარულმა დააწყებინა. “რეალური დასავლეთი_ამბობდა რეჟისორი_ იყო ძალადობის, შიშისა და ველური ინსტიქტების სამყარო… თუ ვინმე ცდილობდა ყოფილიყო კეთილშობილი, რისიც მე არ მჯერა, იგი მაშინვე სასაფლაიოზე ამოჰყოფდა თავს, იქამდე სანამ რაიმე გმირულ საქციელს ჩაიდენდა. კანონი იმათ მხარეზე იყო ვინც უფრო ძლიერი, უფრო სასტიკი და უფრო ცინიკური იყო.”
მოგვიანებით, ერთი კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ ლეონეს ფილმები ეს არის ყველა აქამდე გაკეთებული ვესთერნის ანთოლოგია დამატებებითა და შესწორებებით. ტრილოგიის მესამე ნაწილის გმირის, ტუკოს მსგავსად, სხვადასხვა რევოლვერის ნაწილებიდან რომ ააწყო იდეალური იარაღი, ასევე ლეონემაც თითქმის ყველა ცნობილი ამერიკული ვესთერნიდან ისესხა ეპიზოდი თუ მოტივი, თავისებურად გადახარშა ის და ახლებური სახით მიაწოდა მაყურებელს. ეს ყველაფერი მოხდა ქვენტინ ტარანტინომდე ბევრად უფრო ადრე და უნდა ითქვას, ბევრად უფრო ნიჭიერად. 60-იანი წლების ბოლოს მილანის კინოფესტივალზე ყოფნისას ლეონე პირველად შეხვდა ვესთერნების განთქმულ რეჟისორს ბად ბოთიქერს, შენიშნა თუ არა ბოთიქერი, ლეონე მისკენ ყვირილით გაემართა:”ბად! ბად! მე შენგან ყველაფერი მოვიპარე!”
1968 წელს ლეონემ შექმნა თავისი ყველაზე ცნობილო ვესთერნი “ერთხელ დასავლეთში”, რომლითაც ფაქტიურად ამოწურა ვესთერნის თემა, თუმცა მან ამის გარდა კიდევ ერთი ამ ჟანრის ფილმი “ერთი მუჭა დინამიტი” დადგა, რომელიც თავისი მხატვრული ღირსებებით ძალიან შორს იდგა მისი წინამორბედებისაგან. “ერთხელ დასავლეთში” ლეონემ შეკრიბა ბრწყინვალე აქტიორული ანსამბლი_ჰენრი ფონდა, ჩარლზ ბრონსონი, ჯეისონ რობარდსი და კლაუდია კარდინალე. ფილმის დასაწყისში ლეონეს ჩაფიქრებული ჰქონდა დოლარის ტრილოგიის ყველა მთავარი გმირის მოკვლა ჩარლზ ბრონსონის ხელით, ილაი უოლაქი და ლი ვან კლიფი დათანხმდნენ, მაგრამ ქლინთ ისთვუდმა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, უარი განაცხადა და ამ ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა.
ფილმს უზარმაზარი წარმატება ჰქონდა, პარიზის ერთ კინოთეატრში ის ოთხი წლის განმავლობაში გადიოდა, მაგრამ ამერიკაში ფილმი ჩავარდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ რომ ამერიკულმა აუდიტორიამ ვერ მიიღო ნაციონალური გმირი ჰენრი ფონდა სასტიკი მკვლელის როლში. მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ იქცა “ერთხელ დასავლეთში” საკულტო ფილმად.
70_იან წლებში სერჯიო ლეონე გადართული იყო პროდიუსერობაზე და მხოლოდ 1984 წელს დადგა ჩვენთვის კარგად ცნობილი ფილმი “ერთხელ ამერიკაში”, სადაც მოთხრობილი იყო მე_20 საუკუნის 30_იანი წლების ებრაული წარმოშობის ამერიკელ განგსტერთა შესახებ, თუმცა როგორც კინომცოდნე დეივიდ თომფსონი წერდა_ ფილმის კინოგმირები უფრო იტალიელებს წააგავდნენ ვიდრე ებრაელებს. აღსანიშნავია, რომ ლეონეს იქამდე ჰქონდა შანსი გადაეღო განგსტერული ფილმი_ პირველად სწორედ მას შესთავაზეს “ნათლიის” გადაღება, მაგრამ რეჟისორმა რატომღაც უარი განაცხადა. “ერთხელ ამერიკაში” გადაღებებმა გამოფიტა რეჟისორი და იგი რეაბილიტაციის კურსებსაც კი გადიოდა, ამავე დროს ინტენსიურად ეძებდა თემას გრანდიოზული და მასშტაბური პროექტისთვის. მოძებნა კიდეც_ ეს იყო ფილმი ლენინგრადის ბლოკადაზე, სადაც მთავარი როლი მიკი რურკს უნდა ეთამაშა, მაგრამ 1989 წლის 30 აპრილს სერჯიო ლეონე გულის შეტევისაგან მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ მომენტში იგი სახლში უყურებდა რობერტ უაიზის ფილმს “მე მინდა სიცოცხლე”.
დიდი რეჟისორის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ფრენსის ფორდ კოპოლა, ფედერიკო ფელინი, დამიანო დამიანი, ბერნარდო ბერტოლუჩი, კლაუდია კარდინალე…. ქლინთ ისთვუდმა და რობერტ დე ნირომ სამძიმრის დეპეშები გამოაგზავნეს, ხოლო ენიო მორიკონემ ეკლესიაში შეასრულა ცნობილი თემა ფილმიდან “ერთხელ დასავლეთში.”
სერჯიო ლეონემ თავისი რამდენიმე ფილმით უმდიდრესი მემკვიდრეობა დატოვა, მან ბევრ რეჟისორს მომავალი წარმატებისაკენ გზა გაუკვალა. მისი კინოგმირები ისევე ადვილად საცნობები არიან, როგორც ჯანეთ ლი “ფსიქოდან” ან მარჩელო მასტროიანი და ანიტა ეკბერგი “ტკბილი ცხოვრებიდან”, ასეთი რამის შექმნა კი მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ.