საქართველოს მთავრობა საბანკო რეგულაციების გადახედვას და შემსუბუქებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი ადასტურებს, რომ რეგულაციების “ლიბერალიზაცია იგეგმება”.
“ეს იქნება მთელი პაკეტი ლიბერალიზაციის. მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს სამუშაო ჯერ არ არის დასრულებული და ძალიან მალე დასრულდება”, _ თქვა თურნავამ და აქვე განაცხადა, რომ ის მომხრეა ლიბერალიზაციის, რათა ეკონომიკაში დაბანდების მეტი რესურსი გაჩნდეს.
საბანკო რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა. საბანკო რეგულაციების გადახედვასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ივნისში გააკეთა. მაშინ კალაძემ თქვა, რომ ხელისუფლებას საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწევს. შემოდგომაზე საბანკო რეგულაციების შემსუბუქება და სესხებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის გადახედვაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა.
“უკვე დროა, სავალუტო სესხებზე აკრძალვა 200,000-დან 100,000 ლარამდე ჩამოვიდეს”, – თქვა მაშინ თალაკვაძემ.
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ეროვნულმა ბანკმა 1-ელ ოქტომბერს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტით, ანუ 25 პროცენტამდე შეამცირა. ახალი ინიციატივით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნებით 5%-ით, ანუ 30%-იდან 25%-მდე შეუმცირდათ, რის შედეგადაც დამატებით, 700 მილიონი დოლარის გასესხება შეუძლიათ. ასევე უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემიცრდა, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გათვლებით, საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მეტი სესხი გასცენ დოლარში.
რაც შეეხება ფიზიკური პირებზე გასაცემ სესხებს, როგორც დღეს 1tv.ge-მ დაწერა, ეროვნული ბანკი 2020 წელს ამ მხრივაც გეგმავს საბანკო რეგულაციების გამარტივებას. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი.
ცვლილების შემდეგ, დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია. სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ.
წყარო: იმედინიუსი