6 თვე გავიდა ამ ტრაგედიიდან და ცოტა დაგვიანდა ის შედეგი, რაც აქამდე უნდა დამდგარიყო. ორი დღის წინ დააკავეს ის ადამიანები, რომლებიც აქამდე უნდა დაეკავებინათ. კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. იმედი მაქვს, მართლმსაჯულება და ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და დამნაშავე დაისჯება, – გადაცემა „იმედის დღეში“ ხევსურეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 25 წლის მედეა დევსურაშვილის დედამ, ლიკა სიმონიშვილმა ისაუბრა.
ქალი, რომელსაც შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი შვილი გარდაეცვალა, ერთი კი სასწაულებრივად გადაურჩა, აცხადებს, რომ ვინმეს დაპატიმრების ინტერესი არ აქვს, მაგრამ აუცილებელია დამნაშავეები დაისაჯონ, რათა იგივე ტრაგედია აღარ განმეორდეს.
„არ მაქვს იმის სურვილი, რომ ვინმეს მშობელი, ან შვილი, ან ძმა ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ ვალდებულები ვართ ხმა ამოვიღოთ, რადგან შესაძლოა იგივე განმეორდეს მომავალში, თუ ჩვენ დღეს გავჩუმდებით. ეს იქნებოდა დანაშაული ჩემი მხრიდან, რომ არაფერი მეთქვა. რადგან არ მინდა ის, რაც მე დამემართა, სხვასაც დაემართოს და სხვა ოჯახსაც შეეხოს ასე მწარედ. წინსვლას ვგრძნობ და კმაყოფილი ვართ იმ შედეგით, რაც ორი დღის წინ ვიხილეთ“, – განაცხადა ლიკა სიმონიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა, ავარიის დროს გადარჩენილი მეორე შვილის – ხატია დევსურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ გოგოს ნაწილობრივი ამნეზია აქვს და 23 აგვისტოს ვერ იხსენებს.
„ხატიას ამ მომენტისთვის აქვს ნაწილობრივი ამნეზია. არ ახსოვს 23 აგვისტო, სრულიად აღმოფხვრილია მისი გონებიდან. ჩემი აზრით და ამაში დამეთანხმებიან სპეციალისტებიც, ეს გამოწვეულია იმით, რომ მისმა თვალებმა დაინახეს ძალიან დიდი საშინელება, კოშმარი და გონებას მისი გადახარშვა უბრალოდ არ შეუძლია. არ იხსენებს გონება ამას, ცნობიერება არ აძლევს ამის საშუალებას. მთლიანად 23 აგვისტო ამოშლილია მისი გონებიდან. ფიზიკურად კოჭლობს და ცხვირი აქვს ხელახლა საოპერაციო“, – განაცხადა ლიკა სიმონიშვილმა.
23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარმა ტრაგედიამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 2 ადამიანია დაკავებული.