საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს. თუ რას ფიქრობენ მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის ახალი კანონპროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ,,გურია ნიუსთან“ მმართველი გუნდის წევრი გია გაჩეჩილაძე საუბრობს. როგორც ,,ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე აცხადებს, ,,ქართული ოცნების“ პოზიცია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკულია.
,,ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ცნობილია 2009 წლიდან, როდესაც გამოვაქვეყნეთ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ნარკოკარტელის შესახებ ინფორმაცია. ჩვენი პოზიცია ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან კრიტიკული და სერიოზულია. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვერავითარ შემთხვევაში დავუჭერ მხარს ისეთი კანონპროექტის მიღებას, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს. პარლამენტში წარმოდგენილ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერ და იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი შეიცვლება და ისეთი სახით ჩამოყალიბედება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, არ დავაპატიმროთ ნარკომომხმარებლები და უმკაცრესად დაისაჯოს ნარკორეალიზატორი“, _ ამბობს გია გაჩეჩილაძე.
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ეთანხმება საპატრიარქოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოპოლიტიკის ახალ კანონპროექტზე მუშაობა დროებით შეჩერდეს. მისი თქმით, ახალი ნარკოპოლიტიკის კანონის შემუშავების შესახებ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა საზოგადოებას დააზარალებს.
,,საქართველოში ნარკოპოლიტიკა ვერ იქნება ვერც რეპრესიული და ვერც ლიბერალური, რომელიმე უკიდურესობისკენ გადახრა შეუძლებელია. ჩვენი ამოცანა შუალედის პოვნაა და დღეს დისკუსია ქუჩაში კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ ნარკოპოლიტიკის რეფორმა კომპეტენტური პირების ჩართვით უნდა განიხილებოდეს. ჩვენ მკაცრი ნარკოპოლიტიკის მქონე ქვეყნების გარემოცვაში ვიყოთ და გარკვეულ ნარკოტიკულ საშაულებებზე ლიბერალიზაცია დავაკანონოთ, მთელი რიგი საფრთხეების შემცველია. კანონპროექტზე მუშაობისას სოციოლოგების, ნარკოლოგებისა თუ მედიკოსების აზრი უნდა გავითველისწინოთ. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ეკლესიის პოზიცია. ვფიქრობ, რომ პარლამენტი ახალი ნარკოპოლიტიკის კანონის შემუშავებას ჩქარობს, რადგან საზოგადოება მზად არ არის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი გადაწყვეტილებეების მისაღებად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტის გადამუშავებასა და მისი მიღების გადადებას“, _ განაცხადა ვაჟა ბერიძემ.