აშშ მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროატლაიკური კავშირების გაღრმავებაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც თწიტტერ-ზე გამოქვეყნდა.
განცხადებას თან ერთვის ინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ამასთან, საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზეც და აღნიშნულია, რომ შტატები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
„აშშ გმობს 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღესაც რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებულად. როგორც საქართველოში კონფლიქტების საკითხზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე, აშშ ამ პრინციპების მხარდაჭერაში აქტიური როლის შესრულებას განაგრძობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში დღეს მაიკ პომპეო ჩამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხვალ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.