თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 20 დღეზე მეტია, რაც შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ.
ისინი აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე სიმართლე არ დადგინდება, ვიდრე მათი შვილების მკვლელები კანონის წინაშე არ წარსდგებიან, არ დაისჯებიან და ვიდრე, ხელისუფლება დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების გამო არ გადადგება.
გამოძიებისადმი უნდობლობის გამოსახატავად აქციების გამართვა შვილმკვდარმა მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დედაქალაქში რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. აქციებს საზოგადოების ნაწილმა და ასევე მმართველმა გუნდმა პოლიტიკური და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული უწოდეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტის წინ, შვილმკვდარი მშობლებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ.
იყო თუ არა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი თავიდანვე ოპოზიციური პარტიის ორგანიზებული, მოსალოდნელი არის თუ არა ხელისუფლების გადადგომა შვილმკვდარი მშობლების მოთხოვნის გამო _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარეს, კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა.
ის მიიჩნევს, რომ აქციები თავიდან პოლიტიკური არ იყო, თუმცა, ხალხი წავიდა იქით, საიდანაც დასაყრდენი შესთავაზეს.
„აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. თუ არ გამოიძიებენ ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ. ყველა აქციას ვესწრებოდი და გამოვხატე ჩემი სოლიდარობა დაღუპული ახალგაზრდების მშობლებისადმი, ასევე პატივისცემა მათი ხსოვნის მიმართ. გამოვხატე ჩემი აღშფოთება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, რომელიც იქცევიან, როგორც „უკანასკნელი ვიგინდარები“ და არ იძიებენ, ეწევიან საქმის ჩაფარცხვას და საგამოძიებო პროცესის.
ვფიქრობ, რომ თავიდან აქციები ოპოზიციის მიერ ორგანიზებული არ იყო, მაგრამ ამ ხალხსაც სხვა რა გზა დარჩათ. როდესაც დასაყრდენი არ არის, ბუნებრივია მიდიხარ იმათთან, ვინც გთავაზობს ამ დასაყრდენს. შეეთავაზებინა „ქართულ ოცნებას“ დასაყრდენი და წავიდოდნენ ეს ადამიანები „ოცნებისკენ“,_ამბობს გამსახურდია.
მისი თქმით, ხელისუფლება ადრე თუ გვიან შეიცვლება, მაგრამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის აღდგენა არ უნდა მოხდეს. მხარს კი კოალიციურ მმართველობას უჭერს, რომლის ძირითადი ძალაც არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პარტიიდან არ იქნება.
„ჯერ-ჯერობით ალბათ ხელისუფლება გადადგომის შესახებ განაცხადს არ გააკეთებს. თუმცა, ადრე თუ გვიან ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს. ვთვლი, რომ არ უნდა მოხდეს ნაციონალური რეჟიმის რესტავრაცია. ისეთი, როგორიც ის იყო 2004-იდან 2012 წლამდე. ამით არ ვამბობ, რომ ცალკეული ფიგურები უნდა გაირიყონ „ოცნებიდან“ ან „ნაციონალური მოძრაობიდან“, პოლიტიკიდან. უნდა იყოს კოალიციური მმართველობა და ძირითადი ძალა უნდა იყოს ის, რომელიც არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ოცნების“, არც რეაქციული მოფაშისტო და პრორუსული ძალაა. ამ პირობების დამაკმაყოფილებელი ძალა არის ის, ვისაც მე პირადად მხარს დავუჭერ და შევუერთდები“,_ამბობს გამსახურდია.