20 აპრილს, ონლაინ გამოცემა alternews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ქართული სისხლი უნიკალურია. იგი შესაძლოა COVID 19-თან ბრძოლისთვის გამოდგეს”.
ვებპორტალ “მითების დეტექტორის” თქმით, სტატიის თანახმად, ამერიკაში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰართფორდში, ვირუსოლოგიის კვლევით ცენტრში ექიმმა დიკ ლონგბოლსმა, რომელიც covid-19 ის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაშია ჩართული, აღმოაჩინა, რომ ქართული სისხლი განსაკუთრებულ ნაწილაკებს შეიცავს. საინფორმაციო პორტალის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაცია მათ ქართველმა ექიმმა მიაწოდა, რომლის ვინაობა მასალაში დაზუსტებული არ არის. ინფორმაციას 21 500 გაზიარება აქვს. აღნიშნული პუბლიკაცია ასევე გაზიარებულია ფეისბუკ გვერდებზე “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი” და “მოძრაობა ძლევაი საკვირველი”.
alternews-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, გამოგონილია, რადგან მსგავსი კვლევა არც კონექტიკუტის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე იძებნება, არც ექიმი დიკ ლონგბოლსი (Dick longsballs) უნდა იყოს რეალური პირი. გამოცემა, რომელიც 4 აპრილს არის რეგისტრირებული, მისიის განაცხადში უთითებს, რომ საინფორმაციო სააგენტოს მიზანია სპეციფიური მეთოდებით მედიაწიგნიერების ამაღლება.
კონექტიკუტის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ სისხლის გენეტიკურ წარმომავლობას კორონავურსთან ბრძოლაში რაიმე მნიშვნელობა აქვს, არ იძებნება. შესაბამისად, ვირუსთან ბრძოლაში ქართული სისხლის უნიკალურობაზე ინფორმაცია ანეკდოტურ მტკიცებულებებს ეფუძნება. რაც შეეხება დიკ ლონგბოლსს, ის გამოგონილი სახელი უნდა იყოს (long +balls).
alternews.ge-ი მასალის გამოქვეყნებამდე 16 დღით ადრე, 4 აპრილს არის რეგისტრირებული და whois.domaintools.com-ის მონაცემების მიხედვით, მისი ადმინისტრატორი ირაკლი ჩაჩხიანია.