27 ივნისს, 15:00 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართება შეხვედრა ექიმებთან და ექთნებთან ტკივილის მართვის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით. შეხვედრაში 50-ზე მეტი ექიმი მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას გაუძღვებიან ტკივილის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი ფატი ძოწენიძე და ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი ხელმძღვანელი ნინო მირზიკაშვილი. ასეთი შეხვედრები უკვე ჩატარდა აჭარის, იმერეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან პროექტის „შეაჩერე ტკივილი” ფარგლებში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა და მისი მიზანია ექიმების კვალიფიკაციის გაზრდა ტკივილისა და პალიატიური სიმპტომების მართვის საკითხებში. შეხვედრის მონაწილეები იმის მიხედვით შეირჩნენ, თუ რამდენად აქვთ შეხება ქრონიკული და განუკურნებელი დიაგნოზის მქონე პაციენტებთან. ტკივილი ხშირად თანმდევია ისეთი დაავადებებისა, როგორის არის ონკოლოგიური დაავადებების ბოლო სტადია, შაქრიანი დიაბეტის გართულებები, მძიმე ნევროლოგიური დარღვევები და ასე შემდეგ. ტკივილის სიმპტომების მართვის პროცესში პირველი ნაბიჯი მისი შეცნობა და აღიარებაა, რაც ექიმის ვალდებულებაა. საჭიროების შემთხვევაში ტკივილის საკითხის იგნორირება და ტკივილგამაყუჩებლის უარყოფა, გავრცელებული არასწორი წარმოდგენა ოპიოიდებზე დამოკიდებულების შესახებ, დაუხვეწავი კანონმდებლობა და ტკივილის მართვის საკითხების ექიმების არასაკმარისი ცოდნა ხშირად პაციენტს გაუსაძლისი ტკივილისთვის იმეტებს.
„პაციენტის ტკივილისადმი არსებული მიდგომა პაციენტს ტკივილის მოთმენას აიძულებს. ამ დროს ქვეითდება ცხოვრების ხარისხი, პაციენტი ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობას ვეღარ აგრძელებს და მთლიანად წყდება ოჯახის წევრებს და ცხოვრების ძვირფას მომენტებს. გაუსაძლისი ტკივილი იწვევს დეპრესიას და ხშირად, თვითმკვლელობამდეც მიჰყავს ადამიანი. აქ თანაბარი პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას- ექსპერტებს, ექიმებს, კანონმდებლობის შემქმნელებს და საზოგადოებას. ხშირად ექიმები არიდებენ თავს მძიმე ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნას, ისეთი როგორიც არის მორფინი. პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმაც არ იციან, რისი მოთხოვნა შეუძლიათ, რისი უფლება აქვთ, მათზე მოქმედებს გავრცელებული სტერეოტიპი მორფინზე და მსგავს საშუალებებზე დამოკიდებულების გაჩენის შესახებ. სინამდვილეში კი დამოკიდებულება არ ვითარდება ტკივილის სწორად მართვის დროს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას ექიმებთან, რომ მათ პროცესის სწორად მართვა შეძლონ”- აღნიშნავს ნინო მირზიკაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.
პროექტის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი პაციენტებისთვის: 570 70 77 57.