დღეს, ე. წ. ციანიდის საქმეზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მიტროპოლიტმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალდების მხარე ტენდენციურია, რაც დაკითხვისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდება ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია.
“ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ბრალდების მხარის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ მათ სასამართლო პროცესების დახურვა. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია ბრალდების მხარის დამოკიდებულება და ცდილობენ, თავისი დავალება და ამოცანა იქნეს განხორციელებული. ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. მართლმსაჯულება თავის სათქმელს იტყვის“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, ის სასამართლოს ამ სიტყვებით დაემშვიდობა – “შეხვედრამდე სამოთხეში”.
“ღმერთმა მოგვმადლოს, რომ ყველანი, ბრალმდებელი თუ ბრალდებული, ყოველმა ჩვენგანმა ერთად ვიზეიმოთ ცათა სასუფეველში დამკვიდრება და ჩვენი ცხოვრება, შესაბამისად, უნდა იყოს მართალი და პატიოსანი”, – დასძინა მეუფე პეტრემ.