“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის და გლდანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი დაწვის ფაქტს ოპოზიცია შემაშფოთებელს უწოდებს:
“ესეც არის გამოვლინება იმ სახიფათო ვითარების, რაც ივანიშვილმა შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალადობა პირდაპირ, ან ირიბად წახალისებული ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ეს არის თავდასხმა არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურაზე, ან ერთ შტაბზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებაზე, რომ თვითონ აირჩიონ მთავრობა და პოლიტიკურ თავისუფლებაზე. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამ მეთოდებით გაგრძელების შემთხვევაში,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია.
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია და ფაქტის უსწრაფესად გამოძიება ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს:
“ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ამბით, არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამას გამოიძიებს, ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია და ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს რომ უსწრაფესად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება,” – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მმართველ გუნდში დამნაშავის უმკაცრესი პასუხისგების პირობას დებენ. “ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის თქმით, ფაქტი ბოლომდე გამოძიებული იქნება და უმკაცრესად დაისჯება ის ვინც ამ საქმის უკან დგას:
“გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს , ხაზგასმით ვამბობ ამას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გაარკვევს გამოძიება,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ოფისი გლდანში დღეს დილით დაიწვა. ცეცხლი ადგილზე გამთენიისას გაჩნდა. ჩამსხვრეულია შენობის შუშები. თვითმხილველები ყვებიან, რომ სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიტანეს. გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წყარო: რუსთავი2