ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრია მიტოვებული და მწყობრიდან გამოსული შენობა, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი შენობა, რომელიც ამორტიზირებულია და დიდი ალბათობით, აღდგენას აღარ ექვემდებარება, სოფელ შუხუთში მდებარე ყოფილი კულტურის სახლია. კულტურის სახლის ყოფილი შენობა-ნაგებობა რამდენიმე ათეული წელია აღარ ფუნქციონირებს და იქაურობა ნანგრევებისა და ანტისანიტარიის ბუდეს წარმოადგენს.
სხვა თუ არაფერი, შუხუთში, სოფლის ცენტრში მდგარი უსახური შენობა, ხშირ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
„თუ შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება და დასანგრევია, დროულად მოახდინონ მისი დემონტაჟი, ან როგორც სხვაგან ხდება, ირგვლივ დამცავი ღობე შემოავლონ, სანამ რაიმე უბედურება არ მომხდარა. აქვე სოფლის საჯარო სკოლაა, ბავშვები შედიან ამ ნანგრევებში, საშიშია არ ჩამოენგრეს ვინმეს თავზე კედელი და ქვეშ არ მოჰყვეს. მერე უბედურება რომ მოხდება, გვიან იქნება მწუხარების გამოთქმა“, _ ამბობს აქაური მოსახლეობა, რომელთა პოზიციაც მისაღები და გასათვალისწინებელია სოფლის მაჟორიტარის, კაკო იმნაიშვილისთვისაც.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარისას კაკო იმნაიშვილი ამბობს, მან აღნიშნული შენობის საკითხი არაერთხელ დააყენა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით აქამდე კონკრეტული პასუხი არ აქვს.
„ეს პრობლემა მართლაც სასწრაფოდაა მოსაგვარებელი, სანამ რამე უბედურება არ დატრიალებულა იქ. საკითხი არაერთხელ დავაყენე გამგებლის წინაშე, თუმც, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. სანამ საბოლოოდ გადაწყდება, ექვემდებარება ეს შენობა აღდგენას თუ უნდა გახორციელდეს მისი დემონტაჟი, მართლაც უნდა მოხდეს ტერიტორიის გამიჯვნა დამცავი მესერით, რომ ვინმეს არ ჰქონდეს შიგნით შესვლის საშუალება. თანაც ეს, რაც შეიძლება მალეა გასაკეთებელი“, _ ამბობს კაკო იმნაიშვილი.
ამ შენობის სამომავლო ბედთან დაკავშირებით პოლემიკა სოფლის მაჟორიტარსა და გამგებელს, ზაზა ურუშაძეს შორის რამდენიმე თვის წინ, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გაიმართა. როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობდა, ეს შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარება.
„სპეციალისტების დასკვნა არსებობს, რომ ეს შენობა ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარია, არ არსებობს არმატურა ან სხვა რამ, რაც შენობის მდგრადობას ხელს შეუწყობს“, _ ამბობდა მაშინ ზაზა ურუშაძე. მისივე თქმით, მას საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრთანაც კი ჰქონდა და ამ შენობის ადგილას სპორტდარბაზის მშენებლობა იყო გეგმაში.
მაშინ გამგებლის საპასუხოდ კაკო იმნაიშვილმა აქცენტი შენობის უნიკალურობაზე გააკეთა: „ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მოგვეწვია, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა. ეს შენობა გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული და სოფლისთვის უნიკალურია. მე-12 საუკუნის ძეგლების აღდგენა-რესტავრირება ხდება და ამას ვერ შეინარჩუნებთ?! უბრალოდ, არ გინდათ და ეს არის სიმართლე“.
საბოლოოდ რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტს ზემონახსენებ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით, გარკვევის მიზნით „გურია ნიუსი“ გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს დაუკავშირდა, რომელიც თვლის, რომ შენობა აუცილებლად დემონტაჟს ექვემდებარება.
„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არსებობს დასკვნა, რომ ეს შენობა აღდგენას არ ექვემდებარება. თუმცა, ყოველგვარი დასკვნის გარეშე, უბრალო ინჟინერიც კი მიხვდება, რომ ეს შენობა დასანგრევია და არსებულ მდგომარეობაში ყოფნა დიდი საფრთხის შემცველია. იყო გადაწყვეტილი კიდეც, რომ შენობის დემონტაჟი მომხდარიყო და საკითხის გამოტანა საკრებულოს სხდომაზეც იგეგმებოდა, თუმცა, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს საკითხი გადაიდო“, _ ამბობს ჩხაიძე და აქვე დასძენს, რომ ამ შენობის აღდგენა ოთხჯერ ძვირი მაინც დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება.