,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ,,ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრობს. მისი თქმით, ჯერჯერობით, გუნდი ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაძლოა, დავით ბაქრაძე იყოს. ამასთან, გიგი წერეთელის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის გამარჯვება რთული იქნება, ამიტომ ოპოზიციამ მეორე ტურში გაერთიანებაზე და მაღალი შედეგის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე უნდა იფიქროს.
,,ბუნებრივია, მთავარი თემა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების შერჩევაა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროცესში დავინახოთ რამდენად შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია და იმ იმედის რეალიზება, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს საპრეზიდენტო არჩევნების გზით. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი გვყავდეს ძალიან კონკურენტუნარიანი საპრეზიდენტო კანდიდატი. წინა არჩევნებში ჩვენი კანდიდატი იყო დავით ბაქრაძე, რომელსაც კვლევების მიხედვით, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს, ამიტომ ამჯერადაც შესაძლებელია, ის იყოს ჩვენი კანდიდატი. ძალიან რეალური არის პარტიის თავმჯდომარე დავასახელოთ საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა, გეტყვით, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებულები არ ვართ და შეიძლება, სხვა გადაწყვეტილებაც მივიღოთ. მთავარი, მგონია, რომ ცალ-ცალკე პარტიების მიერ კანდიდატების დასახელება ხელს შეუწყობს სახელისუფლებო კანდიდატის უკეთეს პოზიციონირებას, ამიტომ მეორე ტური არის მნიშვნელოვანი. ძალიან ძნელი იქნება, ალბათ, პირველ ტურში გამარჯვება, ამიტომ მეორე ტურში ვინც გავა ოპოზიციიდან პირველ ადგილზე, ყველაზე კარგი იქნება, რომ სხვა პარტიებმა მას დაუჭირონ მხარი და დაანახონ ჩვენს საზოგადოებას, რომ საქართველოში დემოკრატიულად შესაძლებელია გაიმარჯვოს არასახელისუფლებო კანდიდატმა“,_გვითხრა წერეთელმა.