“ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ შტადლერის საწარმო საქართველოში გადმოვიდეს“, _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას ჟურნალისტებს განუცხადა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ,,შტადლერის“ საწარმოს წამომადგენლებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
,,შტადლერთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმაზე, რომ ვაგონების წარმოება-აწყობა მოხდეს საქართველოში. საუბარია, როგორც მეტროს, ასევე, სარკინიგზო ვაგონებზე. თუ ჩვენ ამ მოლაპარაკებებს წარმატებით დავასწრულებთ, მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რომ შტადლერის ვაგონების წარმოება მოხდება საქართველოში და ის მოემსახურება არა მხოლოდ შიდა აუცილებლობას, ასევე მოხდება მისი ექსპორტი რეგიონში და სხვა ქვეყნებშიც“, _ განაცხადა კახი კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, ავტობუსების წარმოებასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
,,ავტობუსების წარმოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული. თუმცა, გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით ინტერესის თვალსაზრისით. რაც შეეხება „შტადლერთან“ მოლაპარაკებებს, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ამ საწარმოს გადმოტანა მოხდეს საქართველოში. ავტობუსებს რაც შეეხება, ჯერჯერობით, საწარმოს გადმოტანის ინტერესი არ აქვთ, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, _ განმარტა თბილისის მერმა.