“შეცდომა, რომლის წინაშეც საკუთარ სინდისთან ანგარიშგება მოგვიწევს,“ – ასე აფასებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობას.
უგულავამ ეს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც ის მმართველი გუნდის იმ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც “ევროპული საქართველოს” რიგებს შეუერთდნენ.
„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომა არის თითოეული თქვენთაგანის, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მუშაობთ, კომპრომისი სინდისთან. ეს არის შეცდომა, რომლის წინაშეც საკუთარ სინდისთან ანგარიშგება მოგვიწევს სამომავლოდ,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი ამბობს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა რაიონში არსებულ „ქართული ოცნების“ შტაბში დაპირისპირებაა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბი აღარ დარჩა არც ერთ რაიონში, სადაც არ იყოს წინააღმდეგობა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით… სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი, რომელსაც ჩვენივე ხელით დავუდებთ ჩვენს სახელმწიფოს ფუნდამენტში“ – აღნიშნა უგულავამ.