შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს, _ ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, კომისია მას შემდეგ მიიღებს შეწყალების აქტების გამოცემის გადაწყვეტილებას, რაც კონსულტაციებს გაივლიან შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან.
“კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, _ განაცხადა პრეზიდენტმა.