თბილისის ცენტრში დეკემბერში მომხდარი მოსწავლეების ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა საზოგადოების მაღალი ინტერესესის საგანი თავიდანვე გახდა, თუმცა, 28 მაისს გამართულმა სასამართლო პროცესმა საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა და საგამოძიებო პროცესის მიმართ უნდობლობა გამოიწვია.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის გამომხატველი აქცია დღემდე გრძელდება და როგორც შვილმკვდარმა მშობელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუ სახელმწიფო სათანადო ზომებს 10 ივნისამდე არ მიიღებს, აქცია, სადაც სისტემას უნდობლობას უცხადებენ, უფრო მასშტაბური გახდება.
არის თუ არა საკმარისი რამდენიმე დღე სისხლის სამართლის საქმის სათანადოდ გამოსაძიებლად_ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა.
როგორც კაიკაციშვილი ამბობს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გახსნას და რეალური დამნაშავეების დასჯას სარალიძეც და საზოგადოებაც სამართლიანად მოითხოვს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ზაზა სარალიძის მოთხოვნა სამართლიანია და კანონიერი. მასთან და სხვა გარდაცვლილების ოჯახებთან ერთად, მთელი საზოგადოება ელოდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის რეალური დამნაშავეების და საქმეზე შესაძლო მფარველების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას. ჩვენ ვცხოვრობთ და გვსურს, ვაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის საფუძველი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა. ის, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში მოსახლეობის მღელვარების შედეგად მოხდა, აშკარად მიუთითებს არსებულ არასწორ გადაწყვეტილებაზე, საიდანაც არ უნდა მიმდინარეობდეს იგი და მოსახლეობაში სამართლიანობის აღდგენის გადაუდებელ მოთხოვნაზე“, _ ამბობს კაიკაციშვილი.
მისი თქმით, ახალი გამოძიება მნიშვნელოვანია და საზოგადოება უნდა ჩაერთოს ახალი პროკურორის არჩევის პროცესში.
„სერიოზულად უნდა შევხედოთ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე, საზოგადოება უნდა ჩაერთოს ახალი პროკურორის შერჩევის პროცესში. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ახალი გამოძიება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს და ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ გამოძიება საკადრის პასუხს გასცემს ამ საქმეში ყველა იმ უზუსტობას თუ გადაცდომას, რაც საზოგადოებას ოჯახთან ერთად გააჩნია. შესაბამისად, ვიცით, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ვხედავთ, გარკვეულ განცხადებებსაც, რომელიც ეხება ამ საქმის კონკრეტულ ვადაში, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას და კონკრეტული შედეგების დადგომას“, _ამბობს კაიკაციშვილი.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს გონივრულ ვადაზე, რა დროშიც საქმის გამოძიება მოხდება.
„მე ასე არ შევხედავდი საკითხს, რომ გვინდა თუ არ გვინდა 10 ივნისს გაიხსნას მკვლელობა და დაისაჯონ რეალური დამნაშავეები, ან სახელმწიფოს ქმედება 11 ივნისს იქნებოდა დაგვიანებული. თუმცა, საზოგადოება და უპირველეს ყოვლისა, გაუბედურებული ოჯახები უნდა შეთანხმდნენ გარკვეულ გონივრულ ვადებზე. თუმცა, ეს გონივრული ვადები არ ნიშნავს რამდენიმე დღეს. ჩემთვის, გონივრული ვადაა ერთთვიანი პერიოდი. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის ძალიან შემჭიდროებული და არაგონივრული ფარგლებია და უფრო მეტს მოითხოვს, მაგრამ, ჩემი აზრით, განსაკუთრებული საჯარო ინტერესია ამ საქმის მიმართ და ვხედავთ, რომ წინა გამოძიების დროს იქნა დაშვებული შეცდომები და არის რესურსი კითხვები დაისვას სწორად და ამ კითხვებმა ახალ გამოძიებაში უნდა შეავსოს ის წრე, რომლის გაუთვალისწინებლობამაც, რომლის დაშვებამაც გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება“, _ ამბობს ადვოკატი.
კაიკაციშვილის თქმით, საქმის გამოსაძიებლად რამდენიმე დღე საკმარისი არ არის და შიდაპროცესებიდან გამომდინარე, გაჭიანურებაა მოსალოდნელი.
„დღეს ახალგაზრდა ადამიანის მკვლელები, რეალური დამნაშავეები, ფაქტობრივად, დაუსჯელნი არიან. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, მე მესმის გარდაცვლილი ოჯახის წევრების, მამის, რომ დამნაშავეები არ არიან პასუხისგებაში მიცემული და ასევე, მესმის, ამ ვადების გონივრულობიდან გამომდინარე, შესაძლო შედეგების გაჭიანურება, გაჭიანურება, ამ შემთხვევაში, შიდაპროცესუალური მისაღები გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. თუმცა, რასაკვირველია, მე ვარ იმ საზოგადოების წევრი, რომელიც მოითხოვს ამ საქმეზე სწრაფ რეაგირებას და რეალური დამნაშავეების დასჯას. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს რეალური დამნაშავეების გამოვლენის და სასამართლოს წინაშე წარდგენის და სწორი კვალიფიკაციის საფუძველი, სხვანაირად პროცესი დაკარგავს ნდობას და დღეს, სახელმწიფოს აქვს მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც სარალიძის ოჯახის ტრაგედიის ასევე ყველა გაუხსნელი საქმის მიმართ და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ სერიოზული ძვრები და ცვლილებებია დასაწყები“, _ამბობს კაიკაციშვილი.