საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. პრეზიდენტის თქმით, “შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შახტაში დრამატულად მძიმეა”.
“ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. ტყიბულში დღეს დატრიალებული უბედურება ცხადყოფს იმის, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა დრამატულად მძიმე და მიუღებელია. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ – სიცოცხლის თემა”,_ წერს გიორგი მარგველაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.