როგორც ირკვევა, პირველი შვილი, ყოველთვის მეტად წარმატებულია ვიდრე მისი უმცროსი და-ძმა. ასევე, ამტკიცებენ, რომ უფროსები, განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებითაც არიან დასაჩუქრებულნი. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც ბავშვებს აუცილებლად უწევთ, გაცილებით კარგად გამოსდით უფროსებს, ვიდრე შემდგომში მათ უმცროს თაობას.
ეს მოსაზრება ეფუძნება კვლევას, რომელიც 1979 წელს დაიწყო, უფრო სწორად კი მოზარდების პირველი გამოკითხვა ჩატარდა. ეს იყო ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული მოვლენების ნაციონალური შესწავლა, რომლისთვისაც შეირჩა ათასობით ამერიკელი მოზარდი 14-დან 21 წლამდე. მონაცემები მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა დასაქმება, შემოსავალი, განათლების ხარისხი და სხვ. კვლევაში მონაწილე ახალგაზრდების უმრავლესობასთან კვლევის ავტორები რეგულარულ ინტერვიუს ატარებდნენ. მათ შეისწავლეს ისეთი მონაცემებიც, როგორიცაა, მათი დაბადების მოწმობები, ადრეული ბავშვობის ჯანმრთელობის ისტორიები, სკოლაში ჩატარებული ტესტების შედეგები, ოჯახში არსებული პირობები და ა.შ.
მკვლევარების მტკიცებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც ასე გამოიყურება: მშობლების დამოკიდებულება პირველი შვილების მიმართ, საკმაოდ მსუბუქი და ლაღია, ხოლო მომდევნო შვილების შემთხვევაში პირიქით. მშობლების დამოკიდებულება უმცროსების მიმართ ნაკლები ყურადღებით შემოიფარგლება. თუ უფროსების შემთხვევაში, ისინი ძალიან ბევრ დროს უთმობენ მათ შემეცნებას, პატარების შემთხვევაში შემეცნების პროცესი მხოლოდ ძირითად და აუცილებლად საჭირო აქტივობებს ეთმობა. მშობლები თანაბრად უნაწილებენ სითბოსა და სიყვარულს ყველას, თუმცა, განსაკუთრებული გონებრივი სტიმულირების საშუალება მხოლოდ უფროსებს აქვთ.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა მშობლებმა, სასურველია, მაშინ დაიწყონ, როცა იგი დამოუკიდებელ აზროვნებას ეჩვევა. ისინი ამბობენ, რომ ამ დროს ბავშვის გონების განვითარებისა და მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი, განსაკუთრებით სწრაფია და სწორედ მაშინ სჭირდება მას მშობლის დახმარება და ყურადღება!