საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის რელიგიის დონეზე გახლდათ აყვანილი და ქვეყანა თბილისის „დინამოს“ ცხოვრებით საზრდოობდა. სიმართლე ითქვას და მოთამაშეები საკუთარი თამაშით ამ საყოველთაო სიყვარულს ნამდვილად იმსახურებდნენ.
სამწუხაროდ წარსული ტკბილ მოგონებებს ჩაბარდა და ამჟამინდელ ქართველ გულშემატკივრებს საამაყო თითქმის აღარაფერი გააჩნიათ. სტადიონებზე ზედმეტი ბილეთის შოვნის პრობლემა დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს და ამაში „დამნაშავეები“ თანამემამულე „ტყავის ბურთის“ ოსტატები არიან. საფეხბურთო ოჯახის წევრებმა „მოახერხეს“ რომ დღეს ქართველები „მილანისა“ ან კატალონიური „ბარსელონას“ პრობლემებით უფრო ინტერესდებიან ვიდრე ჩვენებური კლუბების ბედით.
დღეს ტრადიციულად მორიგ საფეხბურთო მოგონებებს წარმოგიდგენთ. დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი ბატონი კონსტანტინე შანიძე იქნება. „ბიძია კოსტია“ გიორგი სიჭინავას შესახებ ერთ „საინტერესო ისტორიას“ მოგვიყვება.
„ანდრო ჟორდანია არა მარტო დიდი მწვრთნელი, არამედ დიდი კაციც იყო! ერთი შეხედვით გამოიცნობდა მომავალ ვარსკვლავს და თან გადაჰყვებოდა. ჰოდა, ძალიან უყვარდა გიორგი სიჭინავა, ის კი დიდი ეშმაკი ვინმე იყო – სულ რეჟიმის დარღვევაზე ფიქრობდა.
ერთხელაც შეკრებაზე ვართ და გოგოებში უნდა წასვლა, მივიდა და ანდროს უთხრა – ანდრეი დიმიტრიჩ, ჩავალ თბილისში, თორემ ხუთი თვეა უმაღლეს სასწავლებელში არ ვყოფილვარ და არ გამრიცხონო.…ანდროს თვალები მოუჭუტია – წადი, დიავოლ! იქნება უკვე დამთავრებულიც კი გაქვს უმაღლესი და ვერც კი გაიგეო. არც მიხაილ იაკუშინთან გასდიოდა სიჭინავას ტყუილი – “ცბიერი მიხეი” ისე მიეჩვია, სიჭინავას ყოველდღე ვიღაცა რომ უკვდებოდა, სანამ ჟორა პირს დააღებდა, იაკუშინი დაასწრებდა-ხოლმე – გისამძიმრებო…“
ჩვენი მომდევნო „მთხრობელი“ ბატონი ჯემალ ზეინკლიშვილი გახლავთ, რომელიც 28 წლის ასაკში აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების მიზეზს მოგვიყვება.
„1964 წლის წინ შეკრებაზე წავედით და მაშინდელი სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძე წამოგვყვა. ცალკე კუპე ჰქონდა დაქირავებული და თითო-თითოდ უძახდა ფეხბურთელებს. იქიდან ბიჭები დამუნჯებულები გამოდიოდნენ.
მომიწია ჩემმა ჯერმა, შევედი და მაგიდაზე კონიაკის ბოთლი ჰქონდა გახსნილი. დამისხა და დალიეო-მითხრა. დავლიე, ისევ დამისხა და ასე რამდენჯერმე. სულ ექვსი ჭიქა დავლიე… სიხარულიძეს თვალები გაუფართოვდა და დამიღრიალა – ზეინკლიშვილო, ჩემი შიშით ვერავინ დალია, შენ როგორ გაბედე, ღორი ყოფილხარ, შენი დედაცო -… შემაგინა!!! გინება ასე არ უნდა-მეთქი, გადავედი ჭკუიდან, ვეცი ყელში და ვახრჩობდი! ძლივს გამაგდებინეს ხელიდან!
მას მერე გადამეკიდა, მაგრამ ისე მაგრად ვთამაშობდი, ვერაფერი მომიხერხა, თანაც იმ წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით! მომდევნო სეზონში საზარდული დამეჭიმა და რამდენიმე კვირა არ მივარჯიშია, საავადმყოფოში ვიწექი. რამდენიმე თამაში წავაგეთ, ჰოდა, სიხარულიძემაც იხელთა დრო და ხელი მოაწერინა დინამოელებს და თბილისის „დინამოდან“ გამაგდეს იმ მოტივით, რომ გუნდმა ჩემს გამო წააგო მატჩები, განსაკუთრებით ლენინგრადის „ზენიტთან“ თბილისშიო, არადა ამ დროს საავადმყოფოში ვიწექი!!!
28 წლის ფეხბურთელი სიხარულიძის შიშით არსად აღარ მიმიღეს, იმხელა გავლენა ჰქონდა, მე კი არა, მიშა მესხს დაამთავრებინა ფეხბურთი და ვერაფერს გავხდი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონმა ტყიბულის „მეშახტეში“ დავამთავრე კარიერა…“
1976 წელს თბილისის „დინამომ“ სსრკ-ის თასი პირველად მოიგო. გემახსოვრებათ ის ისტორიული შეხვედრა და სასტიკად დამარცხებული ერევნის „არარატი“ – 3:0. მატჩის შემდეგ თაყვანისმცემლებმა ქართველ ფეხბურთელებს სახელდახელო ბანკეტი გადაუხადეს. „მესამე ტაიმის“ პერიპეტიებს „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე ვახტანგ ქორიძე გაიხსენებს.
„ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ემახსოვრება, საბჭოთა კავშირის თასი რომ ავიღეთ. ეს იყო შეუდარებელი დღე. დაუვიწყარი მთელი თავისი ბრწყინვალებით. ტაშკენტის შემდეგ ქართველებს ასეთი სიხარული არ მოგვსწრებია.
პირველი შთაბეჭდილებები ოდნავ რომ დაცხრა და მაყურებელთა თვალს მოვცილდით, დაიწყო თასის „შინამონათვლა“ – ჩვენს წრეში და ძმაკაცებში თითოეულ მონაწილეს ღვინით სავსე ის თასი უნდა შეგვესვა.
თასის მოპოვება, დამეთანხმებით, არაა ადვილი, მაგრამ, უფრო ძნელი მისი დაცლა ყოფილა. ზოგმა თქვა – რა საჭიროა, რა აუცილებელიაო, მაგრამ, გუნდში გვყავდა მაგის ოსტატებიც. ერთ-ერთი პირველი კი ჩვენი ფირუზ კანთელაძე გახლდათ. ამ უბადლო ფეხბურთელმა ქეიფი და დროსტარებაც უბადლო იცოდა. აიღო ეს თასი, პირამდე გაალიცლიცა სუფთა „რქაწითელით“, ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოსო! – იყვირა და მოიყუდა.
ჩამოცალა ეს თასი ფირუზმა. დედის რძესავით შეერგო და ისევ შეავსო.
– ალავერდი შენთან! – თქვა და მე არ გადმომაწოდა?! (ზუსტად ორი ლიტრი ჩადის).
აკანკალებული ხელებით ჩამოვართვი გაპიპინებული თასი. რა ვქნა ახლა?
– შენ თუ ამას დალევ, შენ თუ ამას დალევ, მერე მე ვიცი, – გადმომხედა ღიმილით.
პირველი ორი ყლუპი გამიჭირდა, მაგრამ, მერე წავიდაა… თუმცა, ერთ ლიტრს ვერ გავცდი. ვგრძნობ, რომ ცუდად ვხდები, სასწრაფოდ შევწყვიტე პროცედურა და ამღვრეული თვალებით ავხედე ფირუზას ქვევიდან. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფირუზამ თანადგომა მხოლოდ მოედანზე არ იცის. მიხვდა, რა კატასტროფის წინაშეც ვიდექი და ამჯერადაც არ უღალატა რაინდობას: გამომართვა და ის ჩემი წილიც უცერემონიოდ ჩაიცალა…“
ჩვენი მომდევნო სტუმარი ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ ლომთათიძე იქნება, რომელიც დაახლოებით ორმოცი წლით უკან დაგვაბრუნებს და ერთ თბილისურ საფეხბურთო ისტორიას გაგახსენებთ.
„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს, გვიან შემოდგომაზე თბილისს ესპანური საფეხბურთო კლუბი „რეალ ბეტისი“ ეწვია, რომელსაც „უეფას“ თასისთვის ბრძოლაში მოსკოვის „დინამო“ ხვდებოდა.
იმ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილებაში ვმუშაობდი და პარალელურად, მინისტრის თანაშემწეც ვიყავი. მატჩის დღეს მინისტრის კაბინეტში ვმორიგეობდი, რადგან მინისტრი რაიონში იყო წასული და საღამოს 10 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ, მინისტრის სავარძელში მოვკალათდი, ფერადი ტელევიზორი ჩავრთე და ფეხბურთს სრული კომფორტით ვუყურე, რომელშიც ესპანელებმა რუსი ფეხბურთელები აშკარად დაჯაბნეს. ტელევიზორში კარგად ისმოდა, თუ როგორი თავგამოდებით გულშემატკივრობდა თავის საყვარელ გუნდს ორმოცდაათი ესპანელი ფანი, რომელიც „ბეტისს“ თბილისში ჩამოჰყვნენ.
მთავარი კი ის იყო, რომ ათეულათასობით ქართველი გულშემატკივარიც აშკარად ესპანელების მხარეზე იყო, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ბეტისის“ წარმატებაში. არადა, პირდაპირი რეპორტაჟი ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემოდა, მას ათეულობით მილიონი ადამიანი უყურებდა და რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრების საქციელსაც ხედავდნენ. იმ პერიოდში, კი ეს პოლიტიკური დანაშაული იყო… სიმართლე გითხრათ, მეც ესპანელებს ვგულშემატკივრობდი და თამაში რომ დასრულდა, მინისტრის ბარიდან კონიაკი გადმოვიღე, დავისხი და გადავკარი, თან ესპანელები ვადღეგრძელე, მაგრამ სითხე კუჭამდე არ მექნებოდა ჩასული, რომ სამთავრობო „ვეჩე“ აზრიალდა. მე ყურმილს დავწვდი და ვუპასუხე:
– მინისტრის თანაშემწე გისმენთ!
– მინისტრი სადაა? – მომესმა მკაცრად ნათქვამი რუსული ფრაზა და მივხვდი, რომ ვიღაც ბობოლა რეკავდა მოსკოვიდან. ამიტომ, სხაპასხუპით მივუგე:
– ამხანაგი გენერალი რეგიონულ შემოვლაზეა, 10 საათზე ჩამოვა და რა გადავცე, ვინ რეკავდა-მეთქი.- უთხარი, რომ მინისტრი, ნიკოლაი შჩოლოკოვი რეკავდა და გადაეცი, ფეხბურთის გულშემატკივრებში წესრიგი დაამყაროს. სირცხვილი თქვენ! მოსკოვის „დინამო“ ჩვენი უწყების გუნდია და მეტი აქტიურობა გმართებდათ, რომ ტრიბუნებს ასე აშკარად არ დაეჭირათ მხარი ესპანელებისთვის და ეს მთელ მსოფლიოს არ ენახა.
ამ დროს კაბინეტში მინისტრი შემოვიდა. მე მას „ვეჩეს“ ყურმილი გადავეცი, გვერდზე გავდექი და გავისუსე. შჩოლოკოვი, სულ რაღაც ერთი წუთი ელაპარაკა ჩვენს მინისტრს და როდესაც საუბარი დასრულდა, ჩვენმა მინისტრმა „ვეჩე“ გათიშა. შემდეგ, უკიდურესად აღელვებულმა და წამოწითლებულმა, თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაურეკა და უღრიალა:
– რა ხდება პლეხანოვზე, ეს რა ანტისამთავრობო გამოსვლებია. დაიხოცეთ თუ გძინავთ? ხალხი ესპანური დროშებით რომ დადის და „ვივა ესპანიას“ ყვირის! ჩქარა, ყველა დებოშიორი დააკავეთ და დროშები გაურჭვეთ. პირადად საკავშირო მინისტრის ბრძანებაა და სასწრაფოდ შეასრულეთ, თქვა მინისტრმა. ყურმილი დადო და მომიბრუნდა, – მოსკოვის „დინამოს“ დედაც, მაგრამ ეს ხალხი რამ გადარია, რომ ასე აშკარად გამოხატავს თავის სიძულვილსო.
შჩოლოკოვს აქაურმა მსტოვრებმა სასწრაფოდ აცნობეს, ქართველები მოსკოვის „დინამოს“ დამარცხებას ზეიმობენო და მანაც იმიტომ დარეკა. სინამდვილეში კი ასეთი რამ ხდებოდა, ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ესპანელებს „ბეტისის“ დროშები გამოართვა, მათთან ერთად პლეხანოვზე მოდიოდნენ „დინამოს“ სტადიონიდან და „ვივა ესპანიას“ ყვიროდნენ…
მე ჩემს ოთახში გავიძურწე, რომ მინისტრს ზედმეტად არ შევჩხიროდი თვალში და შევედი თუ არა, ტელეფონმა დარეკა. სასტუმრო „ივერიის“ დირექტორი იყო:
– ერთი ესპანელი ტურისტი დაიკარგა, რომელიც „ბეტისს“ საგულშემატკივროდ ჩამოჰყვა, ვერ ვპოულობ და დაგვეხმარეთო.
უცებ, შჩოლოკოვის და ჩვენი მინისტრის სატელეფონო საუბარი გამახსენდა და სამსახურებრივი მანქანა გამოვიძახე პირდაპირ პლეხანოვის მილიციის ქვეგანყოფილებისკენ გავემართე.
ქვეგანყოფილებაში ოცდაათი კაცი იყო დაკავებული, რომლებიც საკნებში მოათავსეს. „ბეტისის“ დროშები ჩამოართვეს და წყვილ-წყვილად აჰყავდათ მეორე სართულზე, უფროსის კაბინეტში, სადაც უშუალოდ სრულდებოდა მინისტრის ბრძანება… სწორედ იმ დროს შევედი განყოფილებაში, როდესაც მეორე სართულიდან ესპანურენოვანი ყვირილი მომესმა, რასაც ქართული გინებაც ახლდა თან. სასწრაფოდ ზევით ავვარდი, უფროსის კაბინეტის კარი გავაღე და იმ დროს მივუსწარი საცოდავ ხუან მარტინესს, როდესაც მას ერთი მომავალი, ძალიან ცნობილი ქართველი პოლიციელი „ამუშავებდა“… მე, სასწრაფოდ აღვკვეთე ეს საშინელება და მილიციის უფროსს ვუღრიალე:
– ბრძანება გაუქმებულია. ყველანი გაუშვით-მეთქი, – შემდეგ, ხუან მარტინესი ჩემი მანქანით წავიყვანე სასტუმრო „ივერიაში“, დანარჩენ გულშემატკივრებთან ერთად ზღაპრული სუფრა გავუშალეთ „ივერიის“ რესტორანში და დილამდე იქეიფეს, თან სულ და „ვივა ესპანიას“ გაიძახოდნენ…“
დღევანდელ მოგონებებს ქართული ფეხბურთის დიდი ქომაგის, ბატონი გურამ ქავთარაძის ერთი „ისტორიით“ დავასრულებთ.
„დინამოს” სტადიონი 1976 წელს გაიხსნა და ნემსი არ ჩავარდებოდა-ხოლმე თამაშებისას ტრიბუნებზე. ყველა სექტორს თავისი დაცვა ჰყავდა, მილიციელებიც ცდილობდნენ, ხალხთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ, მაგრამ ზოგი მათგანი ხალხის შესაშინებლად მკაცრად იქცეოდა.
ერთხელ მეცხრე სექტორში ერთი პატარა ბიჭი უბილეთოდ შეიპარა, დაცვის უფროსმა ხელი სტაცა და გაყვანა დაუპირა, ატყდა ჩოჩქოლი, მოვარდა ოპერჯგუფი და ბიჭი ძალით გაათრიეს ტრიბუნიდან. ხალხს თამაშის ყურების სურვილი დაეკარგა, მძიმედ იმოქმედა ამ ამბავმა. მოვიდა ის პოლკოვნიკი, თავაწეულია, იარაღზე ხელი უდევს, ამაყად დაიარება კიბეზე – აი რა მაგარი ვარო! ყველა გასუსული უყურებს თამაშს და უცებ გურამ ქავთარაძე წამოდგა:
– დახვრიტეთ უკვე, ბატონო პოლკოვნიკო?