მიუხედავად იმისა, რომ გურიაში, მათ შორის ლანჩხუთში, კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და შესაბამისად, რეგიონმა „მწვანე ზონის“ სტატუსი დაკარგა, ლანჩხუთში ერთი შეხედვით ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს ყოველდღიური ცხოვრება.
როგორც ყოველთვის, ხალხმრავლობაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სოფლიდან ჩამოსული სამარშრუტო ტაქსები იყრიან თავს.
მყიდველი არც ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეებს აკლიათ.
ლანჩხუთში ყველა თანხმდება, რომ კორონავირუსი არსებობს, თუმცა, ნაწილი უფრო თამამია და ამბობს, რომ ის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვირუსისგან და ისეთი საშიში არაა, როგორც ამას წარმოაჩენენ. ზოგი კი საკმაოდ შეშენიბულია, განსაკუთრებით კი ხანში შესულები: “გვეშინია, აბა, რა! ასაკში ვარ და რომ დამემართოს, ვერ გადავიტან, მგონია”, _ ამბობენ ისინი.
მთავარი კითხვა კი, რაც ყველას ერთნაირად აწუხებს, ისაა, რომ ხომ არ დაწესდება მსგავსი შეზღუდვები, როგორიც გაზაფხულის სეზონზე იყო და ხომ არ გადაიდება სასწავლო პროცესი სკოლებში:
“სიკვდილზე ადრე არ უნდა მოკვდეო და ასე არ უნდა დაგვემართოს ჩვენც. რამდენიმე თვე, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურ ტერორში მოგვიხდა ცხოვრება, ბავშვებიც და უფროსებიც ერთნაირად დავისტრესეთ. ახლაც იგივე არ უნდა განმეორდეს”.