არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ერთ–ერთი დამფუძნებელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზოტის შესახებ წერს.
„დღეს გურიის სოფლებში ვიმუშავეთ. მათ შორის ვიყავით ულამაზეს მუსლიმურ სოფელში ზოტში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი). ეს სოფელი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აჭარიდან გადმოსულმა გლეხებმა და მემთვეურებმა განავითარეს და ახალი სიცოცხლე დაუბრუნეს. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ეს სოფელი სრულად არის მიტოვებული სახელმწიფოსგან და ადგილობრივი თემი აქ ცხოვრების შენარჩუნებას საკუთარი ძალებით და თვითორგანიზებით თუ ახერხებს. სოფელში 200-ზე მეტი კომლი ცხოვრობს უმძიმეს კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებში, მაგრამ შრომით, რწმენით და სიამაყით არ ტოვებს სოფელს. დამოუკიდებლობის შემდეგ ამ სოფელში სახელმწიფომ გზა რატომღაც არ გაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მდებარე სოფლებში გზა დიდი ხანია გაყვანილია და ახლდება კიდეც (ცხადია, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომის ძლიერ განცდას ქმნის ადგილობრივებში და პატიოსან დამკვირვებლებშიც). როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს არც ამ წლის საბიუჯეტო გეგმებში ექცევა სოფელ ზოტში გზის დაგება. გზის პრობლემა თემს მძიმე სოციალურ ტვირთად აწვება, მაგრამ ეს მათთვის პირველ რიგში მათ არაღიარებასთან და უგულებელყოფასთან არის დაკავშირებული. “სახელმწიფოს გარეშე ვცხოვრობთ ჩვენით“, – გვითხრეს ადგილობრივებმა.
გეოგრაფიულ პერიფერიაზე განსახლება, სახელმწიფოსგან მიტოვებულობა, სოფლის დაფუძნების ისტორიული კონტექსტი, სოციალური ორგანიზების ეგალიტარული გამოცდილები აქაურ გარემოს საინტერესოს და თვითმყოფადს ქმნის.
მაგრამ სახელმწიფო ამ სოფელში ბოლო წლებში ნეგატიურად გამოჩნდა და ის ადგილობრივებში სოფლის განადგურების შიშს დაუკავშირდა. უკვე რამდენიმე წელია ზოტში და ქვედა სოფლებში საუბარია ჰესების კასკადის მშენებლობაზე და ასევე ოქროს მოპოვების პროცესის დაწყებაზე. მოსამზადებელი პროცესები უკვე დაწყებულია, რომელსაც უახლოეს პერიოდში შევისწავლით. ამ ეტაპზე მეტი დეტალის განმარტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა მთავარი კითხვა მაინც ისაა: როგორ მოახერხა ამ უპასუხისმგებლობა ხელისუფლებამ, რომ თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში და თითქმის ყველა მდინარის ხეობაში მასშტაბური ჰესის ან ჰესების კასკადის ჩადგმას და ბუნების აოხრებას აპირებს, არ მესმის. ან საერთოდ რა ეკონომიკურ თუ ენერგო–რაციონალობასთან არის დაკავშირებული ჰესების კასკადის მშენებლობა თითქმის ყველა მდინარეზე მაღალმთიან რეგიონებში“ ?! – წერს თამთა მიქელაძე ფეისბუქზე.