სომალიში, სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შეცდომით ქვეყნის საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრი, 31 წლის აბდულაჰი შეიხ აბასი ჩაცხრილეს. BBC-ის ცნობით, სპეცსამსახურებს ის შეიარაღებული ისლამისტი ეგონათ. ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ადასტურებს.
მინისტრი სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს, საკუთარ მანქანაში მოკლეს. ამ ფაქტის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა ეთიოპიაში ვიზიტი გააუქმა.
როგორც BBC-ი იუწყება, ასეთი შეცდომები ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს ადრეც არაერთხელ მოსვლია. ამის მიზეზად სომალიში ისლამისტების გახშირებული თავდასხმების გამო არსებულ მძიმე სიტუაციას ასახელებენ.
მოკლული მინისტრი კენიაში, დევნილთა ბანაკში გაიზარდა. ის სომალის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარის დეტალური გამოძიება მოითხოვა.
სომალის დიდ ნაწილს გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ აკონტროლებს, რომელსაც „ალ-კაიდასთან“ კავშირში ადანაშაულებენ. „აშ-შაბაბი“ სომალიში შიიტური სახელმწიფოს დაარსებისთვის იბრძვის და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული.