სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს დღეს 85 წელი შეუსრულდა
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი დაბადებიდან სამ დღეში – 7 იანვარს – ძაუგის ქართულ ეკლესიაში მონათლეს და მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ სკოლა ვლადიკავკაზში 1952 წელს დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ კი სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. 1957 წლის 16 აპრილს 24 წლის ასაკში, მე-2 კურსის სტუდენტი თბილისში ბერად აღიკვეცა. მას სახელად ილია ეწოდა. იმავე წლის 18 აპრილს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს იგი მღვდელმონაზვნად აკურთხეს. სასულიერო აკადემიის დასრულების შემდგომ კათოლიკოს პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა და მსახურება ბათუმის საკათედრო ტაძარში განაგრძო. 1960 წელს ის ჯერ იღუმენის, ხოლო 1961 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. ერთი წლის შემდეგ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. აჭარაში 7 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ მომავალი პატრიარქი 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ იგი მიტროპოლიტი გახდა. საქართველოს ეკლესიის მეთაურს სოხუმთან მოღვაწეობის 11 წელი აკავშირებს. ის ამავდროულად 1963 წლიდან გახლდათ მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორიც. 1977 წელს გარდაიცვალა სრულაიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია გახდა.
1977 წლის 23 დეკემბერი ქართველი ერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი, რის შემდეგაც მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩიეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. ორი დღის შემდეგ, 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა მოხდა. ამ პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა. კომუნისტების რეჟიმის პერიოდში ტაძარში წირვას ათიოდე ადადმიანი თუ ესწრებოდა. და აი ამ პირობებში მოხდა საოცრება, კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეს სვეტიცხოველის ტაძარი და მისი ეზო ხალხით გაივსო.
უწმინდესმა და უნეტარესმა ამ დღეს წარმოთქვა სიტყვები: ,,ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა.“
1990 წელს უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის შედეგად, მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველოს უწმინდესი ეკლესია ავტოკეფალურია უძველესი დროიდან. 1988 წელს მისი უწმინდესობის თაოსნობით თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადმოიტანეს, რის საფუძველზეც თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დაარსდა. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოვებულია კონსტატინეპოლის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კი უწმინდესსა და უნეტარესს ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ღვაწლით თბილისში აშენდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისკენ სინანულით მოქცევის სიმბოლო.