ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების განხილულ საქმეებზე სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკაში ასახულია საქართველოს მონაცემებიც.
ევროსასამართლოს მონაცემების მიხედვით, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან, ანუ 1999 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სტრასბურგის მიერ განხილული 68 საქმიდან მხოლოდ 12 საქმეზე მოიგო სახელმწიფომ. 56 შემთხევაზე კი დადგინდა ადამიანის უფლებათა დარღვევა.
საქართველოს საქმეებზე 68 შემთხვევიდან 52-ში დადგინდა კონვენციის მუხლებიდან, სულ მცირე, ერთი დარღვევა. მხოლოდ ერთ საქმეზე მოხდა მორიგება. სამი შემთხვევა კი იყო სხვა სახის სარჩელები, როგორიც არის მაგალითად, რევიზია, წინასწარი პრეტენზიები ან იურისდიქციის ნაკლებობა. ევროსასამართლოს მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში გამოყოფილია საქმეების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების მიხედვით.
68 საქმიდან ყველაზე მეტი დარღვევა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის ეხება, რომელიც გულისხმობს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დაცვას. ეს მუხლი საქართველოში 20 საქმეზეა დარღვეული. სტატისტიკაში 17 შემთხვევა ასახული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით, რის გამოც საქართველოს მთავრობას ბრალი დაედო. აგრეთვე, დაფიქსირდა სამართლიანი სასამართლოს უფლების 12-ჯერ დარღვევის ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ 1999 წლიდან 2010 წლამდე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 4373 სარჩელი დარეგისტრირდა. აქედან, სასამართლომ სულ 35 სარჩელზე იმსჯელა განხილული საქმეებიდან 28 საქმეში დაადგინა ევროკონვენციის დარღვევის ერთი ფაქტი მაინც.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ 2016 წელს საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ ოთხი გადაწყვეტილება გამოიტანა და ოთხივე საქმეში დარღვევები აღმოაჩინა.
სტრასბურგში განხილულ საქართველოს საქმეებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, გია ჟორჟოლიანს, ზაზა პაპუაშვილსა და პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
,,ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, სტატისტიკასთან ერთად გასათვალისწინებელია, კონკრეტულად, რომელი წლის საქმეები აქვს განხილული ევროსასამარლოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სისტემის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.
,,ჩვენი სასამართლო სისტემა უკვე კარგა ხანია ამ საქმეების უდიდესი ნაწილია, თუმცა, როცა სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, კონკრეტულად, რომელი წლის საქმეებია სტატისტიკაში ასახული, იმიტომ, რომ 25 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება შეიცვლა და დღეს კიდევ უფრო მეტ ნაბიჯებს ვდგამთ სისტემის განვითარებისთვის“, _ აცხადებს გია ჟორჟოლიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი უნდობლობას უცხადებს ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. მისი თქმით, ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გამო სასამართლოს იმიჯი არ უნდა შეილახოს.
,,ეს ინფორმაცია ჩემთვის ახალია, თუმცა, გეტყვით, რომ სასამართლო და პროცესები იმიტომ მიმდინარეობს და არსებობს, რომ ზოგჯერ საქმე წარმატებით ან წარუმატებლობით დასრულდება. ნუ გვაქვს იმის სურვილი, რომ ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გამო ჩვენი სასამართლოს იმიჯი შევლახოთ. იქნებ ისინი სცდებიან. ყველაფერს კომპეტენტური ანალიზი სჭირდება. ყველამ ვიცით, რა იყო უწინ პოლიცია, რა იყო სასამართლო. ცხოვრება მიდის, ყველაფერი იცვლება, უხარვეზოდ, რასაკვირველია, არაფერი მიმდინარეობს, მაგრამ სასამართლომ უწინდელ სახეს თავი დააღწია, ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ მის პრესტიჟს“, _ ამბობს პაპუაშვილმა
ექსპერტი სოსო ცინცაძის განცხადებით, სასამართლო სისტემაზე გავლენა ვერც ევროპის რეკომენდაციებმა და ვერც ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებმა იქონია. მისი თქმით, დღეს სახელმწიფოსთვის აქილევსის ქუსლად იქცა სასამართლო ხელისუფლება.
,,ქართულ სასამართლოს ვერაფერი მოუხერხა ვერც ევროპის რეკომენდაციებმა და ვერც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებმა. დღეს პოლიტიკური სისტემა ყველაფერზე მიდის, რომ არ აღიაროს საკუთარ წევრთა არაკვალიფიციურობა. იუსტიციის მინისტრის გაპიარებული სასამართლო სისტემა უშედეგო აღმოჩნდა. თეა წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო. მას დიპლომატიური აკადემია აქვს დამთავრებული, ჭკვიანი გოგო და კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ ეს თვისებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეფექტური მინისტრიც გამხდარიყო. მახსოვს 90-იანი წლებიდან, გამოსახურდიას დროს თუ რა იყო ევროპისა და ამერიკის რეკომენდაციების, პირველ ყოვლისა, ეს იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება. რას გულისხმობს სამართლიან არჩევნებს, ნეპოტიზმთან ბრძოლას, სწორი საკადრო პოლიტიკას, კანონის უზენაესობას და ა.შ. დღეს სახელმწიფოსთვის აქილევისის ქუსლად იქცა სასამართლო სისტემა. იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეული კანდიდატთა უმრავლესობა ევროპის სასამართლომ უკან გამოაბრუნა, რაც მისი გადადგომის საფუძველი უნდა ყოფილიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებამ არაფრად მიიჩნია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადება, რომ ის ზეწოლის ქვეშ იყო, მაშინ, როცა მისი განცხადება განგაშის ზარად უნდა ქცეულიყო. სასამართლოებში დღეს არსებული ვითარება კანონზომიერების შედეგია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება“, _ განაცხადა პოლიტოლოგმა