საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბოლო პერიოდში აქციები გახშირდა.
უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია სახელმწოდებით „ნუ მომკლავ“ , იქ შეკრებილი საზოგადოება, სოლიდარობას შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს,უცხადებს, რომელსაც სჯერა, რომ შვილის მკვლელები სამართალს გარეთ არიან დარჩენილები და სისტემის შეცვლას ითხოვს.
ამ აქციის ირგვლივ, საზოგადოების მოსაზრება ორად გაიყო, ნაწილი ფიქრობდა, რომ აქციას პოლიტიკური სახე აქვს და მისგან ცალკე დადგომა არჩია, ნაწილი, უმეტესად კი ლიდერები, აცხადებდბენ, რომ აქციას პოლიტიკური სარჩული არ აქვს.
გუშინ ღამით, ცნობილი გახდა, რომ აქციას დღეს პოლიტიკური ლიდერები ჩაუდგებიან სათავეში.
რას უკავშირდება გახშირებული აქციები, არის თუ არა ხალხის ვნებათაღელვის ჩასაცხრომად გამოსავალი ხელისუფლების გადადგომა, თუკი ეს მოთხოვნა აქციაზე ტრიბუნიდან გაისმება, რამდენად მისაღებია ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაში პოლიტიკოსების გამოჩენა_ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ პოლიტილოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
„ნებისმიერი პრობლემა დეოკრატიულ, ცივილიზირებულ სახელმწიფოში, წყდება სასამართლო დარბაზში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სამთავრობო კაბინეტებში, მაგრამ, როდესაც პრობლემა გადის ქუჩაში ეს უკვე პოლიტიკაა. ამიტომ ინიციატორებმა სულ დედა რომ იფიცონ და სცადონ მკიცება, რომ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვთ, ეს ყველაფერი ცუღლუტობა და პირფერობაა. ვინაიდან, ქუჩაში გასული ნებისმიერი პრობლემა უკვე პოლიტიკაა. შეიძლება, ამ ბავშვებმა თვითონაც არ იცოდნენ, ისე შევიდნენ პოლიტიკის მორევში.
გავიხსენოთ, თეთრი ხმაურის აქცია, როდესაც თქვეს რომ პოლიტიკოსებს ჩვენს გვერდით არაფერი ესაქმება, რით დასრულდა? აქედან გამომდინარე, ის რაც გუშინ საღამოს მოხდა, რომ პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ ბუნებრივია. ქვეყანაში ჩიხური სიტუაცია შეიქმნა. სარალიძე უნდობლობას უცხადებს ნებისმიერ ძიებას და სამართლიანობის აღსადგენად სხვა გზა არ დარჩა. რა არის ეს? რა იყო მიზანი? ყველა იძახდა, რომ სისტემა უნდა დაიმსხვრეს. თუ სისტემას ებრძვი, სისტემა ხომ პოლიტიკაა და თუ აქციის მიზანი სისტემის ცვლილებაა, ბუნებრივია, ეს პოლიტიკოსების გარეშე ვერ მოხდება“,_ამბობს ცინცაძე.
პოლიტოლოგი „გურია ნიუსთან“ საუბარში, ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემა მართლმსაჯულების სისტემაში შევარდნაძის დროსაც არსებობდა და „ქართულ ოცნებას“ მემკვიდრეობით ერგო. ამის დასტური კი აქციაზე მისული შვილმკვდარი მშობლები არიან, რომლებიც საგამოძიებო პროცესებს უნდობლობას უცხადებენ, თუმცა, მას პრობლემის აღმოსაფხვრელად გადასადგამი ნაბიჯების დასახელება უჭირს.
„საკითხი არ ეხება მხოლოდ ერთ სარალიძეს, როდესაც ათობით შვილმკვდარი მშობელი გამოდის, ირკვვევა, რომ პრობლემა გუშინ კი არ წარმოიშვა სალარიძესთან დაკავშირებით, არამედ სულ არსებობდა შევარდნაძის, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” დროს და მემკვიდრეობით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“.
ძალიან რთულია იმის დასახელება, რა უნდა გაკეთდეს, რომ სისტემაში აღარ იყოს პრობლემა. ყველაფერს წყვეტენ კადრები, პრინციპული, დამოუკიდებელი ადამიანები. ნებისმიერ სისტემაში სწორი საკადრო პოლიტიკით შეიძლება აი ასეთი ექსცესების მინიმიზაცია. მაგრამ რა ვქნათ,როცა ასეთი პარლამენტარები გვყავს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთი პროკურორების და სასამართლოს არსებობას. აქ ერთ ნათელ წერტილად იქცა, არეშიძის გადაწყვეტილება, როდესაც ერთმა მოსამართლემ მთელ პროკურატურას უთხრა,რომ ტყუის. პროკურატურა კი ამას მიჩვეული არ არის. მოსამართლის განცხადებამ კი მასაზე იმოქმედა. ტოტალური უნდობლობა ვერ გადაწყდება კოსმეტიკური გადაწყვეტილებით. ხალხს, ამ დაზარალებულებს არ სჯერათ სასამართლოსი, პროკურატურის, პარლამენტის, მინისტრების“,_ამბობს ცინცაძე.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ არის, უფრო მეტიც, პრობლემას ვერც მინისტრების შეცვლა ვერ მოაგვარებს, ხელისუფლების გადადგომას კი სოსო ცინცაძე გამორიცხავს.
„რიგგარეშე არჩევნები ძალიან რთული პრობლემაა. დავუშვათ ჩატარდა, ისევ გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”. მთავარი პრობლემა არის ჩატეხილი ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის და ამას ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. ეს ვერ გადაწყდება მინისტრების შეცვლით, ვერც არჩევნებით. ამას უნდა კარგი საგზაო რუქა.
გუშინ ვუსმენდი, ქუცნაშვილის, ბესელიას და სხვების განცხადებებს. ერთი რამ მაინტერესებს, ნაციონალებს რომ იმის თავი ჰქონდეთ, ქუჩაში ათასი, ორი ათასი კაცი გამოიყვანონ, მაშინ ასე მოკრძალებულად არ იქნებოდნენ პარლამენტში. გადაჭარბებულად აფასებენ ნაციონალების შესაძლებლობებს. დაგროვდა საყოველთაო უკაყოფილება, რაც გამოწვეულია სამართლიანობის დეფიციტით, უმუშევრობით, ნეპოტიზმით, არაპროფესიონალიზმით, ათასი გამაღიზიანებელი ფაქტორებით. რეალობის გრძნობა დაკარგა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა.
მე არ მგონია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ხელისუფლება გადადგეს. ეს არ იქნება გამოსავალი. ვინ დააკომპლექტებს ახალ ხელისუფლებას სარალიძე თუ ელისაშვილი? გადადგომა ჩვენს სისტემაში კოსმეტიკური რემონტიც კი არ არის. საინტერესოა, თუ დათმობს მმართველი პარტია გენერალური პროკურორის პოსტს, თუმცა, ამასაც არ ექნება პრინციპული მნიშვნელობა“,_ამბობს ცინცაძე.
პოლიტოლოგი „გურია ნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიტიკური ძალა, რომლის ირგვლივაც საზოგადოება გაერთიანდება, ამიტომაც ნდობა, ხალხს ბიძინა ივანიშვილის მიმართ აქვს. მას კი, რომელიც პოლიტიკაში იძულებით დაბრუნდა მწვავე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და საზოგადოება სწორედ, მის ნაბიჯებს ელოდება.
„ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდა, ის მმართველი ძალის ლიდერია და მან საზოგადოებას რეფორმების მთელი ციკლი უნდა წარუდგინოს. რას აპირებს, რის შეცვლას.
ძალიან მომრავლდა ბოლო ხანებში ქუჩის აქციები. ეს არ არის კარგი და ქვეყნის განვითარების დემოკრატიული გზა. ქუჩაში წყდება რევოლუციური სულისკვეთების ამოფრქვევა და რევოლუცია საქართველოში დღეს არავის უნდა. რევოლუციის შემდეგ მოდის ერთი დიქტატორული ძალა და ცვლის მეორეს.
ჯანსაღ საზოგადოებაში ისეთი აზრიც კი არ უნდა დაიბადოს, რომ მატერიალური კეთილდღეობის, მატერიალური სარგებლის ნახვის მიზნით ახალგაზრდა შვილის ხსოვნასთან კომპორომისთან წავა ადამიანი. ეს არც უნდა დაიჯერონ, მაგრამ საზოგადოება ამას ღებულობს, როგორც ფაქტს და ეს სერიოზული განგაშია. საზოგადოება საჭიროებს სერიოზულ რეფორმირებას და მკურნალობას. ჯერ კიდევ საზოგადოების ნაწილი ელოდება ივანიშვილის ეფექტს, რომელიც იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სფეროში, რომელიც არ უყვარს. რაკი დაბრუნდა მას მოუწევს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. ქვეყანა უკვე ზღვარზეა მისული და მმართველ ძალის გონიერებაზეა დამოკიდებული რა ხასიათს მიიღებს ეს ცვლილებები. ნდობა არის პერსონიფიცირებული და ეს ნდობა მხოლოდ ივანიშვილს შემორჩა. მმართველი პარტია სერიოზულ განახლებას ითხოვს. ქვეყანას არ ყავს პოლიტიკური ლიდერი, რომლის გარეშეც საზოგადოება დაირაზმება, მაგრამ ჰყავს ადამიანი, რომელსაც ენდობა. მას თავისებური განწყობილება პოლიტიკის მიმართ. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს პოლიტიკური პარტია,რომელსაც ხალხი დაუჯერებს”,_ამბობს ცინცაძე.