საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსი ბატიაშვილი დაინიშნა.
სუს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსებულია.
შეგახსენებთ, რომ ალექსი ბატიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, იყო ირაკლი ალასანიას მოადგილე თავდაცვის მინისტრობის პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ ბატიაშვილის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, სადაც მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დიდი ოდენობით ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავებოდა.
მაშინ მთავარი პროკურატურა აცხადებდა, რომ კომპანია “სილქნეტსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სწორედ ალექსი ბატიაშვილი აწერდა ხელს. საგამოძებო უწყება ბატიაშვილისა და სილქნეტის კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის ნათესაურ კავშირზეც ამახვილებდა ყურადღებას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბარტიაშვილი რამდენჯერმე დაკითხეს.