ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა „გურია ნიუსთან“ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ საუბრობს. ეკონომისტი ყურადღებას აღნიშნული რეფორმის უარყოფით მხარეებზე ამახვილებს.
„ნებისმიერი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში საპენსიო თანხების გაფლანგვის ალბათობა ძალიან მაღალია. ჩვენი სუსტი ეკონომიკური გუნდი საერთოდ გაგნებაში არ არის, რას ნიშნავს საპენსიო თანხების მართვა და კონკრეტულად, რას ნიშნავს საპენსიო სქემა. პარლამენტში ეკონომიკის მინისტრმა, ფაქტობრივად, სადღეგრძელოების ნაკრები წარმოადგინა.
ჩანს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი, რომელიც ბიზნესის ძალიან ძლიერი გავლენის ქვეშ არის მოქცეული, მზადაა, რომ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესები გვერდზე გადადოს და მსხვილი ბიზნესის ინტერესები წინა პლანზე დააყენოს. ასეთ სიტუაციაში ჩნდება განცდა, რომ ნებისმიერი დიდი მოცულობის უპატრონო თანხა ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდება და აორთქლდება, რაც დაგროვებული საპენსიო შენატანების შემთხვევაში აუცილებლად მოხდება“,_ აღნიშნა ელიავამ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ საპენსიო შენატანები სავალდებულო სახის არ უნდა იყოს.
„საპენსიო შენატანები სავალდებულო სახის არ უნდა იყოს, თანხების ვალდებულებითი აკრეფა ფულის წართმევის ტოლფასია. სანამ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, ფულის ართმევის ამგვარი მექანიზმის გამოყენება არასწორია. ერთადერთი სწორი ნაბიჯი გარკვეული თანხის შეგროვება და პენსიონრებისთვის პენსიის გაზრდა იქნებოდა“,_ აღნიშნა ელიავამ.