პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას რაიმე კავშირი ჰქონდეს საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ ხაზარაძის განცხადებასთან.
თალაკვაძის თქმით, ხაზარაძემ პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ დააანონსა, თანხების გათეთრების საქმეზე კი გაცილებით ადრე დაიწყო გამოძიება.
“უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე. შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გითხარით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას; მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში, ბრიფინგებით და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პარლამენტს, როგორც გითხარით, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს და აუცილებლად, მის ამოწურვამდე, მონიტორინგის ქვეშ იქნება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”