საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე და პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე, ორგანიზაციის სახელით ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციასთან და „თეთრი ხმაურის“ მიერ გაცხადებულ პროტესტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„გუშინ ღამით განხორციელებულ სპეცოპერაციას სოციალური ქსელში საზოგადოების უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხისგან ასეთი მასშტაბური მხარდაჭერა არ ბოლო ათწლეულების მანძილზე ჰქონია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ განვლილი თვეების მანძილზე, გაუთავებელი ნარკოპროპაგანდის შედეგად საზოგადოების უდიდეს ნაწილში დაგროვდა ტკივილი და პროტესტი, რამაც ერთიანად იფეთქა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი ეფექტური ქმედება ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ არის დაგვიანებული. ასეთი ხისტი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო აქამდეც. რაც შეეხება „თეთრი ხმაურის“ და მათი მიმდევრების მუქარას და პროტესტს, მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუკი საზოგადოების ამ მცირე ნაწილის პროტესტს შედეგად ნარკოგამსაღებლების მიმართ დამოკიდებულების შესუსტება მოჰყვება, მაშინ ისინი მიიღებენ საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტს. იმ საზოგადოების, ვისაც მართლა სურს ევროპული საქართველოს შექმნა, ვინც ცოდნით და განათლებით იცის, რა არის ევროპა. საბედნიეროდ, საქართველოს ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი არიან აზროვნებით და შემეცნებით მოქალაქეები, ვინც იციან სახელმწიფოს არსი და მნიშვნელობა. მე ბევრჯერ მომისმენია მათი გულისწყვეტა, რომ მსოფლიო უყურებს საქართველოში მიდინარე მოვლენებს და ჰგონიათ, რომ ქართველ ახალგაზრდობას მხოლოდ ეს მცირე ნაწილი წარმოადგენს, რომელთა დიდი ნაწილი მუდმივად ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არიან. როგორც ვხედავ, მათი მოთმინების ფიალაც ივსება. მივმართავთ ხელისუფლებას, კიდევ უფრო გაამკაცრეთ კანონი და ქმედება ნარკოგამსაღებლების მიმართ. აწარმოეთ ძლერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა ქვეყანაში და შეცვალეთ მიდგომა ნარკომომხმარებლების მიმართ იმით, რომ არ დაიჭიროთ, მაგრამ ამასთანავე დაიცავით სხვა ახალგაზრდებიც ამ გადამდები და მომაკვდინებელი სენისგან. სხვა შემთხვევაში აუცილებლად მიიღებთ საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეალურ პროტესტს,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.