ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს, დილით 08:23 საათზე, მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას აკეთებს.
“შემთხვევა ქაბულში, ე.წ. საელჩოების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი გერმანიის საელჩოს მახლობლად მოხდა. აფეთქების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მომხდარის შედეგად ისინი არ დაშავებულან”, _ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, ქაბულში საელჩოებთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა 80-ს აჭარბებს. აფეთქების დროს ტელეკომპანია BBC-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ოთხი ჟურნალისტი კი მძიმედ დაშავდა.