,,თბილისი ერთი იმ ქალაქთაგანია, რომლის მჩქეფარე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი იყო მრავალფეროვანი, მდიდარი და ორიგინალური ცხოვრების სტილი, ხალხური სანახაობანი, დღესასწაულები და სპორტული გართობა – შეჯიბრებები: ყაბახი, დოღი, ბერიკაობა-ყეენობა და ა.შ. თბილისი ცნობილი იყო ბაზრებით, სავაჭრო სახლებით, ქარვასლებით, მტკვარზე გადაკიდებული აივნებით, დუქნებითა და სახელოსნოებით, ცხელი აბანოებით. თბილისი ინდივიდუალური იყო როგორც გარეგანი ხედით, ისე ყოფის შინაგანი რეალიებით, ჩაცმა-დახურვის სტილით, ტიპებით, შრომითი და საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციფიური ფორმებით, რაც აყალიბებდა ყველასათვის ცნობილ და თავისი შინაარსით ბევრისმთქმელ ცნებას ,,თბილისური ყოფა”, _ წერდა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია.
უამრავმა პოეტმა, მწერალმა და მხატვარმა უმღერა ჩვენს დედაქალაქს და საკუთარი გრძნობები, სიყვარული, სითბო და აღტაცება ჩააქსოვა ლექსში, რომანსა თუ ფერწერულ ტილოში.
თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად –
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა, _ წერდა იოსებ გრიშაშვილი.
დიდი იოსებ გრიშაშვილი სიტყვით ასხამდა ხოტბას ქალაქს, მის მსგავსად თბილისს მეხოტბე მხატვრებიც ჰყავდა, რომელთაც შემოუნახეს შთამომავლობას ჩვენი ქალაქის ეშხი, ლაზათი და სილამაზე. რომელი ერთი დავასახელო: ფიროსმანაშვილი, ხოჯაბეგოვი, შმერლინგი, გაგარინი, ზდანევიჩი, ზომერი, სარიანი, გუდიაშვილი, ახვლედიანი….
სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს –
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.
სწორედ ეს პატივი და სიყვარული ,,ელვარებს” განთქმული მხატვრის და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის თბილისისადმი მიძღვნილ მინანქარში, ფერწერულ ტილოებსა თუ ქანდაკებებში.
თუ ვინმეს მიესადაგება გიორგი ლეონიძის გამოთქმა ,,თბილისელობა პროფესიააო”, ეს პირველ რიგში ზურაბ წერეთელს, რომლის თბილისზე შექმნილი ნამუშევრები, სამწუხაროდ, ფართო აუდიტორიისათვის ნაკლებადაა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ნათელა კობიაშვილის თქმით, ,,თბილისი ხშირად შემოგეფეთებათ მის ტილოებზე. ეს არის განსხვავებული კოლორიტული სამყარო. თბილისური ფერმენტები ფარულად მოქმედებს, გამოუთქმელად – საგანთა ფაქტურაში , პლასტიკაში, კომპოზიციაში…”
ზურაბ წერეთელი დიდი ოსტატობით და სიყვარულით გადმოსცემს ქალაქურ ყოფას, ყოველდღიურ რუტინას და თბილისელთა ადამიანურ ურთიერთობას. მის მიერ შექმნილი თბილისის პორტრეტი არც ერთი დიდი მხატვრის ქმნილებას არ ჰგავს, ის განყენებულია, განუმეორებელი და ზურაბ წერეთლისეულია… ხშირად მისი ნამუშევრები კონტრასტისა და დისონანსის წყალობით ერთდროულად ცრემლითა და სიცილით გვამცნობენ თბილისურ ისტორიებს – იმ ქალაქის ისტორიას რომელიც ბარემ ორმოცჯერ მაინც დაანგრია მტერმა და ის კი ქალაქელების წყალობით ყოველთვის ფენიქსივით აღმდგარა. ზურაბ წერეთელი ერთ-ერთი თბილისელი მოქალაქეა…
ნუ დაუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი. (გრიგოლ აბაშიძე)