ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმები უხეშად დარღვა.
კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, მოსამართლე ქეთევან კუჭავამ კანონით არარსებული მოქმედება განახორციელა – საქმეზე მისაღები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.
ორგანიზაცია მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა ოფიციალური განმარტება გაკეთდეს 2017 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მოტივზე, მიზანზე და სამართლებრივ დასაბუთებაზე.
მათივე განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, „თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 234-ე მუხლის თანახმად, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე“.
„მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. სასამართლომ სხდომაზე გამოაცხადა შესვენება და გონივრული დრო აიღო მხარის შესაძლო გამოცხადებისთვის. ამასთან, სასამართლომ ორგანიზაციულად გადაამოწმა და დააზუსტა, იყო თუ არა რაიმე სახის წერილობითი შეტყობინება რეგისტრირებული, რომლითაც მხარეს შესაძლებელია გასჩენოდა სხდომის გადადების საპატიო მიზეზი. სასამართლოს შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მხარეს წერილობითი ფორმით სხდომის გადადების თაობაზე რეგისტრირებული განცხადება არ გააჩნდა. სასამართლომ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოპასუხე 17 მაისს მხოლოდ სატელეფონო საშუალებით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აღნიშნა, რომ სხდომაზე არ გამოცხადდებოდა თბილისში, აგრეთვე სავარაუდოდ არყოფნის გამო. სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე. მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნორმატიული შინაარსის თანახმად, „თუ მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება“, მოსამართლემ მოსარჩელეს მოსთხოვა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ ახსნა–განმარტებები მიღება, ასევე სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება, რასაც მოცემულ შემთხვევაში, არ ითვალისწინებდა საპროცესო კოდექსი, რადგანაც მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უკვე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევას გულისხმობდა. შესაბამისად, სახეზე იყო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გადადო, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სამართლებრივი ნონსენსია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 234-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე მიიღება. ორგანიზაცია სასამართლოს მოქმედებას გამაოგნებელს უწოდებს“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლო არ უნდა მორიდებოდა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას და არ უნდა განეხორციელებინა შერჩევითი მართლმსაჯულება, ვინაიდან სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მოპასუხის სტატუსიდან გამომდინარე, თავშეკავების გამო მიიღო.
ორგანიზაცია საზოგადოების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძეს შორის დავას ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სარჩელის წარმოების მიზეზები ეხება ორგანიზაციის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენას. პოლიტიკოსმა ზურაბ ჯაფარიძემ ორგანიზაციის მხრიდან ნინო გვენეტაძის სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული”. პოლიტიკოსმა ორგანიზაციის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში, არ უარყო და არც დაადასტურა ორგანიზაციის მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ფაქტების არსებობა. ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ მიადგა ზიანი და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცვლელი განცხადების გავრცელება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასამართლოს სარჩელით 2015 წლის 23 მარტს მიმართეს. საქმეზე პირველი სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას 2017 წლის 22 მაისს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.