თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესების განხილვა დროებით შეფერხდა. ამის მიზეზი საქალაქო სასამართლოს დერეფანში შექმნილი ვითარება გახდა. ბრალდებული, გიორგი იჩუკაიძის წინასასამართლო სხდომაზე მისი ახლობლები და მხარდამჭერები დასწრებას ითხოვდნენ და იჩუკაიძის პატიმრობას შეძახილებით აპროტესტებდნენ. შეკრებილები მანდატურებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შექმნილმა ხმაურმა კი საქმეების განხილვა დროებით შეაფერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე 30 წლის გიორგი იჩუკაიძე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, 14 იანვარს, გიორგი იჩუკაიძე იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გიორგი იჩუკაიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
დანაშაული 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
წყარო:იმედინიუსი