ფოთელი მეთევზეების წინაშე, დიდი ხანია, დასაქმების პრობლემა დგას. უფრო მეტიც – ძველი და სტატუსშეჩერებული გემები -სეინერები ფაქტიურად გამოუსადეგარია, რადგან მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ინფორმაციით, საქართველოში დღეს დაახლოებით 30-მდე თევზსაჭერი გემი (სეინერი) არსებობს, რომლებზეც 500-მდე ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. თუმცა, გემები უკვე ძველია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, 8 გემს კი სტატუსი აქვს შეჩერებული.
როგორც ხახუბია სოციალურ ქსელში იუწყება, საქართველოში თევსაჭერი ფლოტის განახლების მიზნით პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა.
„პროგრამაში შესული ცვლილებები ითვალისწინებს სესხის თანადაფინანსებას 2 – წლიანი ვადით. გემის ლიზინგის ღირებულების ჩარჩოები 100,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო სესხის მოცულობა 150,000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე. შედეგად, ადგილობრივი მეთევზეები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენას, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, თევზჭერის ფლოტის მნიშვნელოვან განახლებას და დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც შედეგად თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”,_ წერს ხახუბია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მეთევზეებს რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად შეხვდა, რა დროსაც პრიორიტეტულ საკითხად მოძველებული საზღვაო სეინერების განახლების საკითხი განისაზღვრა.